დეკემბერი 548
en

რეპრესირებული ოსი მწერლის ფოტოები მისმა შვილმა ეროვნულ არქივს გადასცა

სამხრეთ ოსეთის მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარისა და განათლების სახალხო კომისრის, 1937 წელს რეპრესირებული დრამატურგის, სოზრიკ კულაევის, საოჯახო ფოტოების დიგიტალური ასლები მისმა ქალიშვილმა ნატალია კულაევამ საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა.

1900 წელს დაბადებული სოზრიკ კულაევი (სოზირიკო ყულაითი) ოსური ჟურნალის - „ფიდიაუგის“  -რედაქტორი იყო, შემდგომ სამხრეთ ოსეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახდა, ასევე -საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

იგი 1937 წლის 21 ოქტომბრის „სტალინურ სიაში“ მოხვდა. მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის აქტიური წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და ამავე წლის დეკემბერში დახვრიტეს, ხოლო მისი მეუღლე გადაასახლეს.

რეპრესირებული მწერლის ფოტოებთან ერთად ეროვნულ არქივს ნატალია კულაევამ თავისი 9 წლის ძმის მიერ დახატული მამის პორტრეტიც გადასცა.

სოზრიკ კულაევის ფოტოები და მისი შვილის მიერ დახატული პორტრეტი წარმოდგენილი იქნება საბჭოთა რეპრესიების ამსახველ გამოფენაზე, რომელსაც ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი უმასპინძლებს.