დეკემბერი 548
en

ქართული მხატვრული ფილმები ფოტონეგატივებში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების საზოგადოებისათვის უკეთ გასაცნობად აგრძელებს ყოველკვირეული მიმოხილვის გამოქვეყნებას.
ამჯერად ქვეყნდება ინფორმაცია კინოფოტოფონოცენტრალური არქივში დაცული ქართული მხატვრული ფილმების ფოტონეგატივების შესახებ. დოკუმენტების ქრონოლოგიური ჩარჩოა 1916-1990 წლები.
ფოტოებზე ასახულია ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნის კადრები. ფილმის გადაღებისას ოპერატორთან ერთად მუშაობდა ფოტოგრაფიც, რომელიც ფოტოზე ასახავდა სამუშაო პროცესს. ფოტოები გამორჩეულია იმით, რომ განსხვავებით კინოკადრებისაგან, მასზე აღბეჭდილია დეკორაციები, გადამღები ჯგუფის წევრები, სცენის დადგმის პროცესი და სხვ. 
მხატვრული ფილმების ნეგატივების კოლექციაშია პირველი ქართული მხატვრული ფილმის, ალექსანდრე წუწუნავას მიერ 1916 წელს გადაღებული „ქრისტინეს“ რამდენიმე კადრი. იმ ასეულობით ფილმს შორის, რომლის ფოტოებსაც ეროვნული არქივი ინახავს, არის: „არსენა ჯორჯიაშვილი“ (რეჟისორი ივანე პეტერსიანი, 1921 წ.); „ქარიშხლის წინ“ (რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, 1924 წ.) „ელისო“ (რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, 1928 წ.); „პირველი კორნეტი სტრეშნიოვი“ (რეჟისორები: მიხეილ ჭიაურელი, ეფიმ ძიგანი, 1928 წ.); „ჯიმ შვანთე“ (მარილი სვანეთს) (რეჟისორი მიხელ კალატოზიშვილი, 1930 წ.); „დარიკო“ (რეჟისორი სიკო დოლიძე, 1936 წ.) „დაკარგული სამოთხე“ (რეჟისორი დავით რონდელი, 1937 წ.); „ჩვენი ეზო“ (რეჟისორი რეზო ჩხეიძე, 1956 წ.); „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (რეჟისორი სიკო დოლიძე, 1959 წ.); „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1962 წ.); „არაჩვეულებრივი გამოფენა“, (რეჟისორი ელდარ შენგელაია, 1968 წ.); „შერეკილები“ (რეჟისორი ელდარ შენგელაია, 1973 წ.); „იმერული ესკიზები“ (რეჟისორი ნანა მჭედლიძე, 1979 წ.) და სხვ. 
ეროვნულ არქივში არსებული დაწესებულებების, საუწყებო თუ პირად არქივებსა და კოლექციებში დაცული მრავალფეროვანი, უნიკალური მასალა აღწერს ჩვენი ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებას მე-9 საუკუნიდან დღემდე. ეროვნული საარქივო ფონდის უნიკალური დოკუმენტები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.