დეკემბერი 548
en

პროფესორ შალვა ცინცაძის პირადი ფონდი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცულია ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ შალვა რაჟდენის ძე ცინცაძის პირადი ფონდი. მასში შესული მასალების თაობაზე ინფორმაცია ეროვნული არქივის ფონდების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება. 
მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა (იგი 37 წლის ასაკში შეეწირა 1937 წლის რეპრესიებს) შალვა ცინცაძემ დიდი წვლილი შეიტანა ქიმიურ მეცნიერებაში. მას სამი ქვეყნის სამეცნიერო ცენტრის - ბრესლაუს (ამჟამად ვროცლავის), სორბონის უნივერსიტეტებისა და სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორისა, არის კლასიკურად აღიარებულ კვლევათა ავტორი აგროქიმიასა და ანალიზურ ქიმიაში. „ცინცაძის ნაზავი“, „ცინცაძის რეაქტივი“, „ცინცაძის მეთოდი” ფართოდ არის დანერგილი არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ლიტერატურასა და მეცნიერული კვლევის პრაქტიკაში.
მეცნიერის  პირადი არქივი საქართველოს უახლესი ისტორიის არქივში 2006 წელს ჩააბარა მისმა შვილმა იოსებ ცინცაძემ. არქივი დაცულია იმ სახით, როგორც იგი დარჩა მის ოჯახში მისი დაპატიმრების შემდეგ.
ფონდში შესულია შალვა ცინცაძის ბიოგრაფიის ამსახველი დოკუმენტები, სულ 264 საქმე: მისი დაბადების მოწმობა, თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების ატესტატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების დიპლომი, ბრესლაუს უნივერსიტეტის დოქტორის დიპლომი, პირადი წერილები თავისი მასწავლებლის, პეტრე მელიქიშვილისადმი. მასალები მეცნიერის მიერ ბრესლაუსა და პარიზის უნივერსიტეტებში სადოქტორო დისერტაციის დაცვისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ, მისი შრომები, სტატიები. 
ფონდში მნიშვნელოვანი დოკუმენტებია დაცული ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, როტჯერსის უნივერსიტეტში, ნიუ-ჯერსის სასოფლო-სამეურნეო საცდელ სადგურში და ჯონ-ჰოპკინსის უნივერსიტეტში შალვა ცინცაძის სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. საყურადღებო მასალებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტში, ბოტანიკის ინსტიტუტში მისი მუშაობის შესახებ. 
ამავე ფონდშია მასალა შალვა ცინცაძის რეპრესიისა და რეაბილიტაციის თაობაზე. ფონდი ძალზე საინტერესოა და მისი გაცნობა ეროვნულ არქივში შესაძლებელია შალვა ცინცაძის მემკვიდრის, იოსებ ცინცაძის ნებართვით.
წლეულს შალვა ცინცაძის დაბადებიდან 110 წელი შესრულდა.