დეკემბერი 548
en

პოლონეთის სახელმწიფო არქივის დელეგაცია თბილისში

პოლონეთის სახელმწიფო არქივის გენერალური დირექტორი ვლადისლავ სტეპნიაკი და მისი მოადგილე ანჯეი ბიერნატი დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ეწვივნენ. 

ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან, თეონა იაშვილთან გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

„პოლონეთის სახელმწიფო არქივთან ერთად უკვე ოთხი გამოფენა გავმართეთ. დღეს გადაწყდა, რომ მომავალ წელს პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი ერთობლივი გამოფენა ვარშავაში გაიმართება“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ თეონა იაშვილმა. 

ვლადისლავ სტეპნიაკი: „მოხარული ვარ, რომ არქივების თანამშრომლობა ძალიან აქტიური და ნაყოფიერია. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ არაერთ საინტერესო ღონისძიებას განვახორციელებთ“. 

სტუმრებმა დაათვალიერეს სპეციალურად მომზადებული ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, პოლონეთთან დაკავშირებული წერილობითი მასალა. მათ შორის უძველესია კირიონ მეორის ფონდის პოლონური დოკუმენტები. ამასთან, დელეგაციის წევრებმა კინოდარბაზში ნახეს ქართულ-პოლონური ურთიერთობების ამსახველი კინოდოკუმენტების კოლაჟი და გაეცნენ რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობას.

ვიზიტისას დაგეგმილია თბილისის იუსტიციის სახლის დათვალიერება და შეხვედრა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 

ვიზიტი 19 ნოემბერს დასრულდება.