დეკემბერი 548
en

პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის აღდგენილი ვერსია საქართველოს ეროვნულ არქივს შესანახად გადაეცა

საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლებმა და დოკუმენტური ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ რესტავრაციის ინიციატორებმა, კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ, მარინა კერესელიძემ, ნინო ნატროშვილმა კინოფილმის აღდგენილი ციფრული ასლი, პოზიტივი და ნეგატივი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს გადასცეს შესანახად.
 კინოდოკუმენტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. უხმო ფილმის ნახვა უკვე მუსიკის თანხლებითაა შესაძლებელი, რომელიც სპეციალურად შექმნა კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ.
“დღეს ეროვნულ არქივს გადაეცა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის აღდგენილი კინოფირი, როგორც ნეგატივი, ისე პოზიტივი. ფირის აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის. ამავე პროექტის ფარგლებში დამზადდა ფილმის ციფრული ასლი, რაც ხელმისაწვდომს გახდის ამ უნიკალურ კადრებს კინომკვლევარებისა და ფართო საზოგადოებისთვის”, - აღნიშნა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.
კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ ისაუბრა კინოფილმის მნიშვნელობაზე და ეროვნულ არქივს მადლობა გადაუხადა პროექტის მიმდინარეობისას აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.
პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ქრონიკალურ-დოკუმენტალური ფილმის აღდგენაზე ავტორებმა 2 წლის განმავლობაში იმუშავეს, ხოლო ავსტრიაში მისი რესტავრაცია 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრებულად ქცეული ახალი პროექტი სამი ნაწილისგან შედგება: DVD დისკზე განთავსებულია ორიგინალი და ციფრული აღდგენილი და რესტავრირებული ვერსია, გზამკვლევი და მულტიმედიური დანართი.
1912 წელს ვასილ ამაშუკელის (1886-1977) მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ქართული კინოს საწყისად ითვლება. იგი ასახავს აკაკი წერეთლის 12-დღიან მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში. საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება 1954 წელს კინოისტორიკოს კარლო გოგოძის მიერ აღდგენილი ვერსია. აღსანიშნავია, რომ ახლად რესტავრირებულ და აღდგენილ ფილმში შევიდა 2 წუთიანი უცნობი ეპიზოდი, რომელიც თავის დროზე კარლო გოგოძემ არ შეიტანა თავის ვერსიაში.
ფილმმა ცოცხლად შემოგვინახა აკაკისა და ზეიმის მონაწილეთა სახეები, ძველი რაჭული ფერხული, კადრებმა აღბეჭდა ხალხის სიყვარული მგოსნისადმი, რომელიც ხელში ატაცებული დაჰყავდათ.  გარდა ამისა, ფილმმა შემოგვინახა მე-20 საუკუნის დასაწყისის დასავლეთ საქართველოს ყოფა და ეთნოგრაფიული სურათი.