დეკემბერი 548
en

ნიკოლოზ საღარაძის ფოტოგამოფენა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ფოტოგრაფ ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის მინის ნეგატივებზე დაცულ ფოტოებს პირველად გამოფენს. 

ექსპოზიცია 6 მაისს გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება საღარაძის კოლექციის 70-მდე ფოტო, რომელთა უმეტესობა ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი იყო. მათზე აღბეჭდილნი არიან მე-20 საუკუნეში საქართველოში მოღვაწე მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, საზოგადო მოღვაწეები.

 ნიკოლოზ საღარაძე 1877 წლის 1 მაისს დაიბადა დაბა ხონში, 1898 წლიდან სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ფოტოგრაფიით 12 წლის ასაკში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც მამინაცვალს მისი სიძის, ალექსანდრე მიხაილოვის, ფოტოატელიეში გაჰყვა. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ გიმნაზიაში სწავლა შეწყვიტა, გახდა მიხაილოვის მოწაფე, შემდეგ კი - თანაშემწე. ქუთაისში, ვორონცოვის ქუჩაზე მდებარე „ცენტრალურ ატელიეში“ ის 1930-იან წლებამდე მოღვაწეობდა. თავისი მასწავლებლის მსგავსად, საღარაძეც, ძირითადად, სტუდიური ფოტოგრაფიით იყო დაკავებული. მისი ატელიე ქუთაისის რიგით მცხოვრებლებს ემსახურებოდა, თუმცა, პარალელურად, საღარაძე გამოჩენილ საზოგადო  და კულტურის მოღვაწეებს იღებდა. 1947 წელს ნიკოლოზ საღარაძემ ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეს ათწლეულობის განმავლობაში შექმნილი ფოტოარქივი - 150-მდე მინის ნეგატივი და 15 ფოტოალბომი - არქივს საჩუქრად თავად გადასცა. დღეისათვის რთული დასადგენია, ატელიეს ფოტოგრაფთაგან რომელია კონკრეტული ფოტოს ავტორი: ალექსანდრე მიხაილოვი, ნიკოლოზ საღარაძე და მელქონ კაჩუხაშვილი. 

გამოფენისათვის შეიქმნა კატალოგი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საღარაძის ფოტოკოლექციასა და წარმოდგენილ ექსპონატებზე. საღარაძის ფოტოკოლექციის გამოფენა ერთ კვირას გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.