მარტი 548
en

მომღერალმა ანა ბაჯიაშვილმა ეროვნულ არქივს საკუთარი კოლექცია გადასცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს მომღერალმა ანა ბაჯიაშვილმა  დღეს ვიდეო, აუდიო ჩანაწერები და ფოტოები გადასცა, რომელიც ასახავს მის მოღვაწეობას  საქართველოს სახელმწიფო კაპელასა და  ანსამბლებში - „იავნანა“ და „კელაპტარი“. 
ამასთან, კოლექციაშია ანა ბაჯიაშვილს რამდენიმე სოლო ალბომი, სადაც პარტნიორობას უწევენ: მედუდუკეთა ანსამბლები „ძველი თბილისი“ და  „სოინარი“ და მომღერალი ლია ხუნწარია.
ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე მომღერალმა აღნიშნა, რომ მისთვის საამაყოა, ათწლეულების განმავლობაში შეგროვილი მასალა შესანახად ეროვნულ არქივს გადასცეს. თავის მხრივ, თეონა იაშვილმა განაცხადა, რომ ანა ბაჯიაშვილის კოლექცია არქივისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია. 
ეროვნული არქივისათვის გადაცემული ვიდეო და ფოტომასალა ასახავს ქართული ანსამბლების გასტროლებს საფრანგეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაში; ანა ბაჯიაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიალს; ანსამბლ „კელაპტრის“ კონცერტს და სხვ (1999-2003).
7 მაგნიტურ ფირზე ჩაწერილია მომღერლის სოლო და ჯგუფური სიმღერები ანსამბლ „კელაპტართან“ ერთად.
სახელმწიფო ფილარმონიისა და ანსამბლ „კელაპტრის“ სოლისტი ანა ბაჯიაშვილი ღირსების ორდენის კავალერია, მიღებული აქვს დები იშხნელების პირველი პრემიის ლაურეატის წოდება; არის მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, მისი მოღვაწეობა სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის.