დეკემბერი 548
en

მე-16 საუკუნის გულანის რესტავრაცია იწყება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში მე-16 საუკუნის საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ თხზულებათა კრებულის – გულანის – რესტავრაცია დღეს იწყება. 
საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული გულანი შესრულებულია ქაღალდზე, ნუსხურით, საზედაო ასოები - ასომთავრულით, სათაურები და მნიშვნელოვანი ადგილები – სინგურით და შედგება 707 ფურცლისა და 12 მინიატურისაგან. ხელნაწერი არქივში 1923 წელს შიო მღვიმის მონასტრიდან შემოვიდა. 
წიგნი აერთიანებს 10 ნაწილს: მარხვანი, საცისკრო სახარებანი, სადღესასწაულო, პარაკლიტონი (რვა ხმათა საგალობელი), ზატიკის (საგალობელთა წიგნი აღდგომიდან სულთმოფენობამდე) ნაწყვეტი და სხვა. გულანი შემკულია მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული საუფლო დღესასწაულების სცენებით, აგრეთვე, წმინდანთა გამოსახულებებით. თითოეული მინიატურა იმდენად გამორჩეულია, რომ ეროვნულმა არქივმა მათი გამოყენებით ღია ბარათები გამოსცა. 
ხელნაწერის მინაწერიდან ირკვევა, რომ იგი ლევან I დადიანს (1533-1572) 
ეკუთვნოდა და მისივე შეკვეთით გადაუწერია სასულიერო პირს – გაბრიელს.  
წიგნს ახლავს გვიანი ხანის რამდენიმე მინაწერიც, საიდანაც ჩანს, რომ გულანი კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორს შეუწირავს შიო მღვიმის მონასტრისათვის, რომელიც განახლებულა 1890 წლის 27 იანვარს მონასტრის მორჩილის გიორგი გოგიბერაშვილის მიერ. 
რესტავრაციის ლაბორატორიაში დაგეგმილია ხელნაწერის თითოეული ფურცლის რესტავრაცია-კონსერვაცია, ფურცლები გაიწმინდება და გამაგრდება ნაწერი,  მინიატურების აღდგენაზე კი ფერწერის რესტავრატორი იმუშავებს.   
ხელნაწერის რესტავრაციას, სავარაუდოდ, 1 წელი დასჭირდება.