დეკემბერი 548
en

კვირის დოკუმენტი - „ჩხერიმელა ადიდდა. ვდგავართ...“

1895 წლის 28-31 ოქტომბერი. მდინარე ჩხერიმელას ადიდებამ ლიხის ქედის დასავლეთის კალთა დატბორა,  მწყობრიდან გამოვიდა რკინიგზა, დაინგრა ხიდები და სარკინიგზო ლიანდაგს ნიადაგი გამოეცალა. ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტად შერჩეულ ფოტოზე ჩანს წყალდიდობისაგან დაზიანებული რკინიგზა სადგურ მარელისში.  

სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ეს ფაქტი რეზო გაბრიაძემ 1970-იან წლებში მხატვრულ ფილმ „შერეკილების“ სცენარშიც შეიტანა: მარგარიტა ამყოლაძეს ხარაგაულიდან ელვა-დეპეშას უგზავნის მეუღლე: „ჩხერიმელა ადიდდა, ვდგავართ. ფრთხილად იყავი. მარჯვენა თვალი მითამაშებს. შენი ტრიფონი“. 

გაზეთ „ივერიას“ ცნობით, რკინიგზის გამგეობამ სტიქიის შედეგების დასაფიქსირებლად ფოტოგრაფი დაიქირავა. ედუარდ კლარის გადაღებული ფოტოსურათების ალბომი ეროვნულ არქივში ინახება.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.