მარტი 548
en

ქართველოლოგიის წახალისება აშშ-ში და ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორია – ეროვნული არქივისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი პროექტები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახალი პროექტების განხორციელება დაიწყო.

ილინოისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით ეროვნულ არქივში დაცული საისტორიო არქივის ექვსი ფონდის ანაწერების ციფრული ასლები, ქართული და ინგლისური ვერსიებით, ონლაინ განთავსდება და ეროვნული არქივისა და ილინოისის უნივერსიტეტის ვებგვერდებზე იქნება ხელმისაწვდომი. პროექტი „კავკასიური და ქართველოლოგიური პროგრამის მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში“ გაზრდის უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერების დაინტერესებას, გაუადვილებს მათ სამეცნიერო საქმიანობას და ხელს შეუწყობს ქართველოლოგიის მიმართულების განვითარებას.

გარდა ამისა, საქართველო-შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სულ მალე ეროვნული არქივი ფართო საზოგადოებას ექსპოზიციასა და საგამოფენო ალბომს „საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობის ისტორია“ წარუდგენს. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით მომზადებული გამოფენა და გამოცემა გააერთიანებს ორი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების ამსახველ დოკუმენტებს; საინტერესო ფოტომასალას, რომელიც როგორც ეროვნულ არქივში, ისე სხვადასხვა ინსტიტუციასა თუ კერძო კოლექციაშია დაცული და შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებასა და განვითარებას, სხვადასხვა სფეროში აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას ასახავს.

ფოტოზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი საქართველოში, 1992 წლის 26 მაისი. სერგო ედიშერაშვილის ფოტო. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.