დეკემბერი 548
en

იუსტიციის მინისტრმა პირველი რესპუბლიკის თემაზე ბათუმში გამოფენა გახსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 16 დეკემბერს ბათუმის „თიბისი გალერეაში“ გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გახსნა.

ღონისძიებაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებითა და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა, მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. 

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი გამოფენა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ამ გამოფენაზე 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი, მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენელ ხარიტონ შავიშვილის არქივი. 

გამოფენა 12-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იყო წარმოდგენილი, 6-20 ნოემბერს ექსპოზიციას თელავის რეგიონულმა არქივმა, 25 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე კი - ქუთაისის „თიბისი გალერეამ“ უმასპინძლა. ბათუმის „თიბისი გალერეაში“ კი გამოფენა 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილია 63 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია.

საქართველოს ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი გამორჩეულია იმით, რომ აღდგა 117 წლის წინ გაუქმებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა; ასევე, 1919 წელს ჩატარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს − დამფუძნებელი კრების − არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს; კანდიდატებად დარეგისტრირებული ოცამდე ქალიდან კი დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; მიღებულ იქნა პროგრესული სამართლებრივი აქტი − საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. 

სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით დასრულდა და დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში დროებით დამარცხდა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა 1921 წელს ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. 

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასახავს. აღსანიშნავია, რომ ფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინა ერთა ლიგაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენელ ხარიტონ შავიშვილის დოკუმენტები პირადი საარქივო ფონდიდან, რომლის ციფრული ვერსია 2015 წელს ჟენევის გაეროს ბიბლიოთეკიდან საქართველოში ჩამოიტანეს იუსტიციის მინისტრის ძალისხმევით. გამოფენისათვის შექმნილია სპეციალური კატალოგი. 

„საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება.