დეკემბერი 548
en

იუსტიციის მინისტრი ზუგდიდში სამეგრელოს არქივის მშენებლობის პროცესს გაეცნო

სამეგრელოს რეგიონში არქივს ახალი შენობა ექნება. ზუგდიდის ადგილობრივი არქივის გვერდით შენდება 4-სართულიანი შენობა, რომელშიც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდება. 

ამავდროულად, სრული რეაბილიტაცია უტარდება არქივის აქამდე არსებულ სამსართულიან შენობას, რომელიც ახალ ნაგებობას მე-2 და მე-3 სართულებზე არსებული ხიდებით დაუკავშირდება. 

მშენებლობის პროცესს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაეცნო. „ზუგდიდში დავიწყეთ სამეგრელოს რეგიონული არქივის მშენებლობა და რეკონსტუქცია და წლის ბოლომდე სამეგრელოს მივცემთ თანამედროვე სტანდარტის დაცულ საცავებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

საცავები, რომლის მთლიანი ფართი 1112 კვ. მეტრი იქნება, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა, აღიჭურვება კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. სამეგრელოს რეგიონის რაიონების - ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის არქივების დოკუმენტები, სულ 371 218 საქმე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. 

დოკუმენტების საცავებსა და სამუშაო ოთახებთან ერთად, რეგიონული არქივის შენობაში მოეწყობა სამკითხველო და საგამოფენო სივრცე. 
მშენებლობა, რომელსაც ტენდერით შერჩეული ორგანიზაცია - შპს ,,აგრომშენსერვისი“ აწარმოებს, 2015 წლის 2 თებერვალს დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. 

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ორი რეგიონული არქივის თანამედროვე შენობა უკვე აქვს - თელავსა და რუსთავში - კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული არქივები.