დეკემბერი 548
en

იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი ხელნაწერები ერთი დღით გამოიფინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი რვა უძველესი ხელნაწერი მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

ეროვნულ არქივში დაცული უძველესი რვა ხელნაწერი იმ 47 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2015 წელს შეემატა.

ეს გადაწყვეტილება მიიღო იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა, რომლის სხდომა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, აბუ-დაბიში 4-6 ოქტომბერს გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ორწლიანი განხილვის დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა.

ამიერიდან იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი და საერთაშორისო დონეზე დაცულია ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი უძველესი ხელნაწერების კოლექცია, რომელშიც შედის:

1. ანბანდიდი სახარება, IX საუკუნე. 2. ფსალმუნები, X საუკუნე. 3. ლექციონარი, X საუკუნე 4. ნევმირებული ძლისპირი, X-XI საუკუნეები და პალიმფსესტები: 5. ქართული პალიმფსესტი. ქვედა ფენა: ნუსხური. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1440/1462 წელი. წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი მთავარეპისკოპოს იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი. 6. ორენოვანი პალიმფსესტი. ქვედა ფენა: სომხური ასომთავრული; X საუკუნე. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1441 წელი, შეუვალობის განახლების სიგელი, მეფე ალექსანდრე დიდისა ივანე მაკუჭაძისადმი. 7. ორენოვანი პალიმფსესტი. ქვედა ფენა: სომხური ასომთავრული; X საუკუნე; სავარაუდოდ, კანონიკური ტექსტი. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1447 წლის 25 დეკემბერი. ქართლ-კახეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი, გაცემული მეფე გიორგი VIII-ის მიერ. 8. ქართული პალიმფსესტი. ქვედა ფენა: ნუსხური; თარიღის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი - IX საუკუნე. ზედა ფენა: კუთხოვანი ნუსხური; ХIII-XIV საუკუნის მარხვანი.

იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრი ამჟამად შეიცავს 348 დოკუმენტსა და კოლექციას. მასში საქართველოს მხრიდან, ეროვნული არქივის უძველეს ხელნაწერთა კოლექციასთან ერთად, შეტანილია: ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და „გეოგრაფიული ატლასი" (2013 წელი); ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების კოლექცია (2013 წელი) და ბიზანტიური პერიოდის ქართული ხელნაწერები (2011 წელი).