დეკემბერი 548
en

გურამ შარაძის ხსოვნის საღამო ეროვნული არქივის პავილიონში

ქართველი ფილოლოგისა და ისტორიკოსის, გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიმართა.

 „საუბრები გურამ შარაძეზე“ _ ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელზეც კოლეგებმა და სტუდენტებმა მეცნიერი გაიხსენეს. პავილიონში წარმოდგენილი იყო ეროვნული არქივის საცავებში დაცული, გურამ შარაძის მიერ საქართველოში ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილი პირველი რესპუბლიკის საარქივო მასალები.

„გურამ შარაძე და ქართული ემიგრაცია“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, რუსუდან კობახიძის მოხსენების თემა იყო. გურამ შარაძის მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის გადაცემულ მაღლაკელიძეების არქივზე  ცენტრის თანამშრომელმა ეთერ ქავთარაძემ ისაუბრა. საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ, გურამ შარაძის მიერ ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილ საარქივო მასალაზე საზოგადოებას ინფორმაცია ეროვნული არქივის წარმომადგენელმა თამარ გაბუნიამ მიაწოდა. გურამ შარაძეზე, როგორც  მასწავლებელსა და კოლეგაზე, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა ნათელა ჩიტაურმა ისაუბრა. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ფერიდე კვაჭანტირაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გურამ შარაძის საქმიანი ურთიერთობა  გაიხსენა. მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა გურამ შარაძის სახელობის კაბინეტის დაარსებას გეგმავს.

ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე. მისი თქმით, იგეგმება გურამ შარაძის სახელობის პრემიის დაწესება ემიგრანტული საარქივო დოკუმენტების საუკეთესო მეცნიერული კვლევისათვის.

„საუბრები გურამ შარაძეზე“ დასრულდა გიორგი შარაძის ფილმით „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება“.