დეკემბერი 548
en

გამოფენა „ლესია უკრაინკა და საქართველო“

გამოჩენილი უკრაინელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩი) დაბადებიდან 140 წლის აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა „ლესია უკრაინკა და საქართველო“ დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და უკრაინის ელჩმა საქართველოში ვასილი ციბენკომ გახსნეს. 
„ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობისა. ლესია უკრაინკა საქართველოში 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა და მისთვის ჩვენი ქვეყანა მეორე სამშობლო იყო“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 
თეონა იაშვილის ინფორმაციით, „უკრაინის საელჩოსა და ეროვნული არქივის ორგანიზებული გამოფენა ასახავს ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და მოღვაწეობას როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, მის მრავალფეროვან შემოქმედებით ცხოვრებას და მის მეგობრობას ქართველ ხალხთან“.
„მე რომ არ დავბადებულიყავი უკრაინელად, ქართველობას ვისურვებდი - ეს სიტყვები ლესია უკრაინკას ეკუთვნის. მოხარული ვარ, რომ მისი დაბადებიდან 140 წლის იუბილეს ასეთი გამოფენა მიეძღვნა“, - აღნიშნა ვასილი ციბენკომ. 
გამოფენის გახსნისას უკრაინული ხალხური სიმღერები შეასრულეს ლესია უკრაინკას სახელობის ქვემო ქართლის უკრაინელების ასოციაციის ანსამბლმა „ჩორნობროვცი“, საქართველოში მცხოვრებ უკრაინელთა ასოციაციის გუნდმა „იუნოსტი“ და საქართველოში უკრაინელების ასოციაციის „რუშნიკი“ კვარტეტმა „სმერეკა“. 
ლესია უკრაინკას ცხოვრება და შემოქმედებითი გზა უწყვეტად უკავშირდება საქართველოს. ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში ცხოვრებისას მან საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები შექმნა - „ტყის ზღაპარი“, „ქვის ბატონი“, „რუფინი და პრისცილა“.
გამოფენა პირველია იმ მრავალ ღონისძიებათა შორის, რომელიც უკრაინელი პოეტის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში 2011 წელს გაიმართება. 
ეროვნული არქივი (რეჟისორი გიორგი კაკაბაძე), უკრაინის საელჩოსთან ერთად, გეგმავს დოკუმენტური ფილმის გადაღებას ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ფილმზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.  
გამოფენა კვირას, 25 თებერვლამდე  გაგრძელდება და მისი დათვალიერება თავისუფალია.