დეკემბერი 548
en

ერთა ლიგაში საქართველოს პირველი წარმომადგენლის არქივი საქართველოში ჩამოიტანეს

„ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის, ციფრული არქივის პრეზენტაცია 6 მარტს, 15:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში  გაიმართება. პრეზენტაციას გახსნის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ჟენევაში გაერო-ს განყოფილების ბიბლიოთეკაში დაცული ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალიზაციის პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულა.

ხარიტონ შავიშვილის არქივის ასლის საქართველოში ჩამოტანაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გასულ წელს ჟენევის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა და ეროვნული არქივისათვის დოკუმენტების დასკანერების უფლების მოსაპოვებლად მოლაპარაკებები პირადად გამართა. 

მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ეროვნული არქივის სპეციალისტები ჟენევაში ჩავიდოდნენ და საკუთარი აპარატურით მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ამ საარქივო მასალების დიგიტალიზაციას განახორციელებდნენ. ჟენევის ოფისის ბიბლიოთეკისა და ჟენევის საქალაქო არქივის მასალების შესაბამისი წესით დამუშავება, კატალოგიზაცია და ერთიანი  აღწერილობის გამოცემა 2015 წლის ბოლომდე იგეგმება.

არქივის აღწერის ინგლისური ვერსია გაერო-ს განყოფილების ბიბლიოთეკასაც გადაეცემა, რაც მკვლევარებისათვის მასალის შესწავლას გააიოლებს.    

არქივში თავმოყრილია: „ერთა ლიგაში“ საქართველოს წარმომადგენლობის მუშაობის ამსახველი დოკუმენტები; მიმოწერა ევროპულ ორგანიზაციებთან და ევროპელ პოლიტიკოსებთან საქართველოში არსებული პრობლემატიკის შესახებ; ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობის, ასევე „საქართველოს საზღვარგარეთული პრესის ბიუროსა“ და „საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტის“ საქმიანობის ამსახველი მასალა. გარდა ამისა, ხარიტონ შავიშვილის არქივში ინახება მისი მემუარები და პირადი ბიბლიოთეკა.

ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალური ასლების საქართველოში ჩამოტანა, მისი აღწერა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მამულიშვილის სამშობლოსათვის ბრძოლის 55-წლიანი ისტორიის სათანადოდ შენახვისა და შესწავლის საწინდარი იქნება.