ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა ხვალ გაიხსნება

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას 19 ივლისს, 20:00 საათზე გახსნის.

1920 წელს შექმნილ არქივს არასოდეს ჰქონია სივრცე გამოფენებისა თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად. მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად იუსტიციის მინისტრის ინიციატივით საგამოფენო გალერეა პირველად აშენდა. 

ახალი შენობის საგამოფენო დარბაზში, გამოფენების გარდა, გაიმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემათა პრეზენტაციები. შენობის ანტრესოლზე განთავსდა მედიათეკა და წიგნების მაღაზია. მედიათეკაში ნებისმიერი დამთვალიერებელი ისარგებლებს უნიკალური წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით; წიგნების მაღაზიაში კი შეიძენს საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებულ მრავალფეროვან პროდუქციას.  

გალერეა გაიხსნება გამოფენით − „ჩვენი არქივი − ჩვენი საუნჯე“. მასზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე მრავალფეროვანი ექსპონატები: IX-XIX საუკუნეების ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი მასალა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები, საბჭოთა პერიოდის ფოტო - თუ წერილობითი საბუთები, XX საუკუნის 90-იანი წლების დოკუმენტური ქრონიკა. 

ეროვნული არქივი საქართველოს დოკუმენტური მეხსიერების ყველაზე დიდი საცავია. აქ 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი ინახება, მათ შორის: 439 063 ფოტო, 19 063 ფონო და 34 904 კინოდოკუმენტი; ასევე 80 000-მდე წიგნი და 50 000-მდე პერიოდული გამოცემაა დაცული.