დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოება

პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შვილთაშვილმა, მიშელ რამიშვილმა და ქართველი ემიგრანტის, მამია ბერიშვილის შვილმა, ტიერი ბერიშვილმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად,  ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და პრიზები გადასცეს.

პროექტის ფარგლებში გამართულ ვიქტორინაში პირველი ადგილის მფლობელი მცხეთის #1 საჯარო სკოლა გახდა, მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა „ევროპულმა სკოლამ“, ხოლო მესამე - სკოლა „კანდიდმა“.

ვიქტორინის საუკეთესო მოთამაშე გახდა „კანდიდის“ გუნდის წევრი თამარ ბერიძე, რომელმაც ყველაზე მეტ კითხვას გასცა სწორი პასუხი.

გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები: გამორჩეული კაპიტანი - ლიზი ბერუაშვილი, თბილისის N146 საჯარო სკოლა; გამორჩეული მოთამაშეები: მარიამ ლობჟანიძე, რუსთავის N5 საჯარო სკოლა;  გიორგი მაჭარაშვილი, „ევროპული სკოლა“; ნიკოლოზ სეფიაშვილი, თბილისის N63  საჯარო სკოლა;  ანა გოგოლიძე, თბილისის N124 საჯარო სკოლა; თამთა ნოზაძე, სკოლა „პოლიგლოტი“; ლუკა ღარიბაშვილი, სკოლა-ლიცეუმი „NK“; ნაჯიბა მამედოვი, მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა; გიორგი ლელუაშვილი, „ევროპული სკოლა”.

ყველაზე ორგანიზებული მასწავლებლის ნომინაციაში დაჯილდოვდა მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი როლანდ ბაქრაძე; გუნდის საუკეთესო ხელმძღვანელად კი მცხეთის N1 საჯარო სკოლის  ისტორიის მასწავლებელი მაია გელაშვილი დასახელდა.

პროექტში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის 32 სკოლა მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე ეროვნული არქივის თანამშრომლებმა სკოლებში პრეზენტაციები ჩაატარეს. თითოეულმა სკოლამ შექმნა 5-კაციანი გუნდი, რომლებიც ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად 8 ქვეჯგუფში კენჭისყრით განაწილდნენ. პროექტის ფინალური ეტაპი - ვიქტორინა - 21 და 22 მაისს გაიმართა.

საგანმანათლებლო პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.