დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის გალერეაში გამოფენა „ქართული დიაფილმი“ გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიხსნა გამოფენა „ქართული დიაფილმი“, რომელიც ქართული დიაფილმის შექმნისა და განვითარების ისტორიას ასახავს.

დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს 60-მდე ქართული დიაფილმის ორიგინალი ნახატი და ელექტრონული ვერსია, შემოქმედებითი ჯგუფისა და დიაფილმების დამზადების პროცესის ამსახველი ფოტოები და კინომასალა, ასევე ტექნიკური საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც იქმნებოდა დიაფილმები.

დიაფილმი პოზიტიურ ფირზე გადატანილი ნახატები და ტექსტია, რომლის საჩვენებლად სპეციალური აპარატი გამოიყენება. ქართული დიაფილმების ისტორია 1950-იან წლებში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანების სტუდიაში დაიწყო. სხვადასხვა ქართული თუ უცხოური ზღაპრის, თქმულებისა და მოთხრობის დიაფილმის შესაქმნელად არაერთი მხატვარი და სცენარისტი მუშაობდა.

დიაფილმები საქართველოში პოპულარობით სარგებლობდა 1950-1980-იან წლებში.

ბოლო ორი წელია ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი ქართული დიაფილმების მოძიებაზე მუშაობს, შედეგად, შეიქმნა ქართული დიაფილმების კოლექცია, რომელშიც 130 დასახელების ფილმი შედის. ამასთან, 2016 წელს ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერებისაგან შეიძინა დიაფილმების ორიგინალი ნახატები - 26 დასახელების დიაფილმის 1150 ორიგინალი ნახატი.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივი წარმოადგენს დიაფილმების ორიგინალი ნახატებისგან შექმნილ 2017 წლის კალენდარს.