დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის ახალი ინიციატივა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კინოარქივის გასამდიდრებლად დოკუმენტური კინომასალის მოძიება დაიწყო. ეს ინიციატივა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გადაღებული კინომასალის თავმოყრასა და მომავალი თაობებისათვის შენახვას ემსახურება.
ათწლეულების განმავლობაში ეროვნულ არქივში შეგროვილი და დაცულია 34 228 კინოდოკუმენტი, მათ შორის უძველესია 1909 წლით დათარიღებული კინოქრონიკა "თბილისის ბანკის შენობის კურთხევა” (დღევანდელი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი).
სამწუხაროდ, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოსაცავებს ახალი მასალა თითქმის არ შეჰმატებია.
ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი აცხადებს: "ჩვენი ქვეყნის ისტორიული კინომეხსიერება რომ არ დაიკარგოს, ეროვნული არქივი მიმართავს ყველა სტუდიას, ტელევიზიას, კერძო პირს: არქივი მზად არის შეინახოს მათ მიერ მოწოდებული მნიშვნელოვანი კინოდოკუმენტები და დაიცვას ყველა საავტორო უფლება".
არქივის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეროვნული არქივი დაინტერესებულია კინოდოკუმენტების შეძენითაც. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - ეროვნულმა არქივმა 1999 წელს ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში კინოოპერატორ გურიელ როგავას მიერ გადაღებული კინოდოკუმენტი შეიძინა, რომელზეც ასახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი და წმინდა ნაწილები.
კინოდოკუმენტი გადაღებულია ფერად ფირზე. შედგება ნეგატივის, პოზიტივისა და მაგნიტური ფირისაგან, რომელზეც ჩაწერილია ამავე მუზეუმის თანამშრომლის, ლილი ბერაიას საუბარი სიწმინდეთა სულიერი ღირებულებისა და მნიშვნელობის შესახებ. 
კინოფირზე აღბეჭდილი ღვთისმშობლის კვართი 1923-1936 წლებში ხობის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიიდან ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში გადაიტანეს.
ფირზე ასევე აღბეჭდილია წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელი, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები.
ეროვნული არქივისთვის ეს კინოდოკუმენტი მნიშვნელოვანი შენაძენია, რადგან არქივში აქამდე დაცულ კინოდოკუმენტებზე აღნიშნული სიწმინდეები აღბეჭდილი არ იყო.