დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივი სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრთან ითანამშრომლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა გააფორმეს წინასწარი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ძმები ნობელებისა და შვედური კომპანიების საქართველოში მოღვაწეობის ისტორიის შესწავლის საქმეში.
მე-19 - მე-20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში ძმები ნობელებისა და შვედური კომპანიების მოღვაწეობის ისტორიის შესასწავლად საქართველოში ჩამოსულ შვედეთის დელეგაციას სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრის თავმჯდომარე ალექსანდერ ჰიუსბაის ხელმძღვანელობს. 
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ნობელის ოჯახის საზოგადოების ხელმძღვანელი თომას ტიდენი, ბიზნესის ისტორიის ცენტრის კვლევის ჯგუფის უფროსი პერ დალი, პროგრამის მენეჯერი ჰანს გუსტაფსონი და ბიზნესის ისტორიის ცენტრის არქივისტი ვადიმ აზბელი. 
„ძალიან მნივნელოვანია, რომ შედგა ჩვენს ქვეყანაში ნობელების ოჯახის წარმომადგენლების პირველი ვიზიტი, რომლის შემდეგაც დაიწყება ერთობლივი პროექტი საქართველოს ეროვნულ არქივთან“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ თეონა იაშვილმა. 
დღესვე შვედი სტუმრები გაეცნობიან იმ დოკუმენტებს, რომელის ეროვნულ არქივში ნობელებისა და შვედური კომპანიების მოღვაწეობასთან დაკავშირებით არის დაცული. ამასთან, იგეგმება შეხვედრა იუსტიციის მინისტრის  მოადგილე გიორგი ვაშაძესთან. 
22-23 მარტს დელეგაციის ვიზიტი ბათუმში გაგრძელდება, სადაც გაეცნობიან ნობელის ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებს და შეხვდებიან აჭარის ავტონომური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს, ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს, ნობელის მუზეუმის ხელმძღვანელს თემურ ტუნაძეს. 
დელეგაცია 24 მარტს დაბრუნდება თბილისში და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს დავით ცხადაძეს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ირაკლი მატკავას შეხვდება. 
აღსანიშნავია, რომ ძმები ნობელების ისტორიის შესწავლის პროექტის პირველ ეტაპზე შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრი თანამშრომლობდა აზერბაიჯანის ეროვნულ არქივთან. საქართველოში მუშაობის დასრულების შემდეგ, 2011 წლის მაისში ორივე ქვეყანაში მოპოვებული მასალები განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე. 
ვიზიტი 24 მარტს დასრულდება.