დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივი საარქივო საქმის სასწავლო კურსს ჩაატარებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საარქივო საქმის სასწავლო კურსზე, რომელიც 30 ივნისს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს. 

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება გაეცნოს საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საარქივო საქმესთან დაკავშირებულ თანამდებობაზე და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან უჭირავს მენეჯერის პოზიცია  ნებისმიერ სფეროში და სურს უფრო ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი.

სწავლება მოიცავს 10 აკადემიურ საათს. ეროვნული არქივის სპეციალისტები ტრენინგის მონაწილეებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია, მისი ამოცანები, ფუნქციები და მოვალეობები; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები; საქმეთა ნომენკლატურა და მისი სახეობები; დაწესებულებაში საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი  ექსპერტიზა; დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება; მოთხოვნები არქივის სათავსებისადმი და დოკუმენტების შენახვის რეჟიმები; დაწესებულების დოკუმენტური და საარქივო ფონდი ა.შ. 

სასწავლო კურსი ჩატარდება ეროვნული არქივის შენობაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1), 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, 18:30 საათიდან 20:30 საათამდე. მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 ივნისის ჩათვლით. 

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://www.archives.gov.ge/ge/training