ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალში 38 მოსწავლე მონაწილეობდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალურ ტურში 38 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეებმა ონლაინრეჟიმში დაწერეს ესე თემაზე „პირველი რესპუბლიკის გამოცდილება – საქართველოს გზა ევროპისკენ“. 10 გამარჯვებული მონაწილე 24 მაისს გამოვლინდება.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ამ დრომდე მასში 850-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. მსოფლიო პანდემიის გამო, ბოლო ორი წელია პროექტი ესეების კონკურსის ფორმატით ტარდება.

საქართველოს ეროვნული არქივი პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2022-1.