დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში დღეს ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის კინოფოტოფონოარქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გიორგი ხარებავა, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები.

ანიმაციური ფილმების კვირეული ნაწილია პროექტის - „რე-ანიმაცია“ - რომელიც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას,  რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს. პროექტი საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თანამშრომლობით ხორციელდება.

ანიმაციური ფილმები ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადადის და ციფრული რესტავრაცია უტარდება. მულტიპლიკაციურ ფილმებს  ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება. პროექტის მიზანი ანიმაციური ფილმების მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა, ბავშვებისა და მოზარდების ქართული მულტიპლიკაციური ფილმებით დაინტერესება და მათი პოპულარიზაციის გაზრდაა. პროგრამის კურატორები: გიორგი კაკაბაძე, გიორგი ხარებავა; ციფრული აღდგენა: გიორგი კაკაბაძე, შალვა მიქუტიშვილი.

22 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში უჩევენებენ  საქართველოს ეროვნულ არქივსა და კინოსტუდია „ქართული ფილმში“ დაცულ 9 მოკლემეტრაჟიან ქართულ მულტფილმს, რომელთა რესტავრაცია უკვე განხორციელდა.

თითოეული სეანსის ხანგრძლივობა 90 წუთია. წარმოდგენილი იქნება ანიმაციური ფილმები:

 

„წუნა და წრუწუნა“ (1962 წელი)

„ბომბორა სწავლას იწყებს“ (1973 წელი)

„სახლობანა“ (1973 წელი)

„საზამთრო“ (1974 წელი)

„თერძი ბესო“ (1977 წელი)

„ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“ (1983 წელი)

„ყარყატის შვილობილი“ (1985 წელი)

„მძლეთამძლე“ (1991 წელი)

„სანუკვარი ოცნება“ (1989 წელი). 

 

დასწრება თავისუფალია. 

 

განრიგი:

23 მარტი - 15:00, 18:00

24-27 მარტი - 15:00

28 მარტი  - 19:00