ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მესამედ გამართავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალზე 14 ქვეყნის კინოინსტიტუციის პროგრამა იქნება ნაჩვენები. 

2024 წლის ფესტივალის თემაზე „კინო – ისტორიის მემატიანე“ ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციები.  

კინოფესტივალი 2024 წლის 17-20 სექტემბერს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება და გაიხსნება გიორგი შენგელაიას ფილმით „ალავერდობა“ (1962 წელი), რომლის ცენზურამდელი ვერსია ეროვნულ არქივს რამდენიმე თვის წინ გადაეცა. პირვანდელი სახით ფილმი შემონახულია კინოფირზე, რომელიც რეჟისორის ოჯახში ინახებოდა. 

კინოფესტივალი დაიხურება ქართული პროგრამის მეორე ფილმით, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხლით“ (1975 წელი). ფილმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარადგენს. ჩვენება მსახიობ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. 

წლევანდელი კინოფესტივალის სიახლე იქნება პანელური დისკუსია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის კინოინსტიტუციების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებასა და შეხედულებებს კინოარქივების მნიშვნელობასა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ. დისკუსიის თემაა: კინო, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული იდენტობა და სოციალური კონტექსტი. 

საქართველოს ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა.