დეკემბერი 548
en

ეროვნულ არქივში ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული გამოფენა გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს ცნობილი ქართველი მოცეკვავის, ბალეტმაისტერისა და ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმის ხელმძღვანელები, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წარმომადგენლები, პარლამენტარები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გამოფენის გახსნისას აღნიშნა: „ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილე იუნესკომ შეიტანა ოფიციალური ღონისძიებების ნუსხაში, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში 2010 წელს აღინიშნება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედების მსოფლიო მნიშვნელობას. ეროვნულმა არქივმა იუბილეს მიუძღვნა იმ უნიკალური დოკუმენტების გამოფენა, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდში არის დაცული და ასახავს დიდი ქართველი მოცეკვავისა და ბალეტმაისტერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას“.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეროვნულმა არქივმა ასეთი ღონისძიებებით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადა ის უნიკალური დოკუმენტები, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდშია დაცული. „დღევანდელ გამოფენაზე ნებისმიერ დამათვალიერებელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეუძლიათ უფრო ახლოს გაეცნონ ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებას“, - აღნიშნა ვაშაძემ. 
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში, ასევე, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული მასალები, რომელიც ასახავს ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის მიერ ქართული საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილ ღვაწლს.
ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს: ვახტანგ ჭაბუკიანის მონაწილეობით დადგმული ბალეტების პროგრამები, აფიშები; ქართული და უცხოური საგაზეთო პუბლიკაციები, სადაც განხილულია ქართველი ბალერონის შემოქმედება; სცენაზე, ასევე, შემოქმედებით საღამოებსა და სხვა შეხვედრებზე გადაღებული ფოტოები; რეჟისორ კოტე მახარაძის მიერ 1971 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებასთან დაკავშირებით გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ცეკვის ჯადოქარი“ კინოკადრები. 
გამოფენაზე წარმოდგენილია, ასევე, სხვადასხვა ბალეტისათვის მხატვრების: ელენე ახვლედიანის, სოლიკო ვირსალაძის, კარლო კუკულაძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, ივანე ასკურავას, თავად ვახტანგ ჭაბუკიანის შესრულებული საბალეტო დადგმების კოსტიუმებისა და სცენის ესკიზები. 
გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1.