დეკემბერი 548
en

ეროვნულ არქივში ვანო სარაჯიშვილის რვა სიმღერის ფონოჩანაწერია დაცული

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების თაობაზე ყოველკვირეული მიმოხილვის გამოქვეყნებას.
 ამჯერად მიმოხილვა შეეხება ფონოგანყოფილებაში დაცულ, ცნობილი ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის (1879-1924) სიმღერების ფონოჩანაწერებს.
ჩვენამდე მოღწეულია ლეგენდარული მომღერლის რვა სიმღერა და რომანსი, რომელიც 1912-1915 წლებშია ჩაწერილი. ცნობილია, რომ ქართველი ხალხის მიერ „საქართველოს ბულბულად“ შერაცხული ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარი საკმაოდ მდიდარია. იგი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართულ ხალხურ სიმღერებს, ისე რომანსებსა და საოპერო არიებს. ვანო სარაჯიშვილი აღიარებულია ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლად.
სიმღერები შემორჩენილია გრამფირფიტასა და მაგნიტურ ფირზე. ამასთან, 1999 წელს ცნობილმა ქართველმა მომღერალმა და ხალხური სიმღერების შემკრებმა ანზორ ერქომაიშვილმა დიდ ბრიტანეთში მიაკვლია სიმღერების პირველ ეგზემპლარებს, რომელსაც მომღერალმა ნოდარ ანდღულაძემ პირველადი სრულყოფილი ხმოვანება აღუდგინა. გამოვიდა ამ ჩანაწერების კომპაქტდისკი, რომელიც ასევე დაცულია ეროვნულ არქივში.
ფონოჩანაწერებს შორისაა სიმღერები: „ისევ შენ და ისევ შენ“; „მხოლოდ შენ ერთს“; „მზე აღარ ბრწყინავს“; „ოდესაც გიმზერ“; „დავრდომილი, სნეული“; „საყვედური“ („გენაცვალე“); „ურმული“; „ვარსკვლავო“. ჩანაწერების ფრაგმენტების მოსმენა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ფონოგალერეაში.
ეროვნული საარქივო ფონდის უნიკალური დოკუმენტები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.