საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში აქტიურად გრძელდება უნიკალური დოკუმენტების სარესტავრაციო სამუშაოები.
ამჟამად ეროვნული არქივის სარესტავრაციო ლაბორატორიაში 1242 წლით დათარიღებულ სოფელ ღუერკის წყალობის წიგნზე მუშაობენ, რომელსაც სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება. საბუთი მიცემულია არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიერ მგელა აბულახტარისძისადმი. წყალობის წიგნი დაწერილია ზარდახნის მწიგნობარ თევდორე ჩომაყისძის მიერ, შესრულებულია ეტრატზე. დოკუმენტი წარმოადგენს გრაგნილს (ზომა: 180.0X25.5 სმ), რომელიც ერთმანეთზე აბრეშუმის წითელი ძაფით გადაკერილი ოთხი ნაწილისგან (კეფისგან) შედგება. დოკუმენტს აღენიშნება სერიოზული მექანიკური დაზიანებები, დაკარგულია ტექსტის გარკვეული ნაწილი.
დღეს სარესტავრაციო ლაბორატორიას კიდევ 50 დოკუმენტი გადაეცა, რომლებიც 1658-1833 წლებით თარიღდება. საბუთები გაცემულია მეფეების: ვახტანგ VI, ერეკლე II, თეიმურაზ II, კონსტანტინე, სოლომონ II მიერ. სახეობათა მიხედვით საბუთები წარმოადგენს: წყალობის, ნასყიდობის, ვალის, პირობის, გირავნობის წიგნებს, ბრძანებებს, განკარგულებებს და სხვა. გარდა ამისა, საბუთები მოიცავს საქართველოს წარჩინებულ გვართა წერილებს. აღნიშნულ დოკუმენტებს, ძირითადად, მექანიკური სახის დაზიანებები აღენიშნებათ.