ოქტომბერი 548
en

ეროვნულ არქივში ახალი გამოცემა მომზადდა

საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოცემის - „იოსებ მამაცაშვილი, მოგონებები /1921 წლის თებერვალი-მარტი/“ - პრეზენტაცია.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, თეონა იაშვილის, განცხადებით, „ეროვნულ არქივში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების, შრომისა და გზათა მინისტრის, ნოე ხომერიკის, პირად ფონდში დაცულია „ინჟინერ იოსებ მამაცაშვილის მოგონებები ჯარისკაცული ცხოვრების ისტორიიდან, მიძღვნილი ნოე ხომერიკისადმი (8 სექტემბერი, 1921 წელი)“. დოკუმენტი  რუსულ ენაზეა. ეროვნული არქივის გამოცემაში ორიგინალ ტექსტთან ერთად წარმოდგენილია ქართული თარგმანი წინასიტყვაობითა და კომენტარებით“. თეონა იაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი გამოცემა გარკვეულ შტრიხს შემატებს საქართველოს ისტორიის შესწავლას.

იოსებ მამაცაშვილის მოგონებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ისტორიკოსებმა: დიმიტრი სილაქაძემ, მიხეილ ბახტაძემ და ოთარ ჯანელიძემ.

მოგონებებში აღწერილია რკინიგზის ინჟინრის, იოსებ მამაცაშვილის, როგორც ქართული არმიის მებრძოლის, საინტერესო თავგადასავალი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში, ასევე ომის შემდეგ ქვეყნის დატოვებისა და თურქეთში გამგზავრების ისტორია.

წიგნის პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ ეროვნულ არქივში დაცულ ფოტომასალას საქართველოს ოკუპაციის თემაზე. ფოტოებზე ასახულია გამოცემასთან თემატურად დაკავშირებული მოვლენები და პიროვნებები.