დეკემბერი 548
en

ეროვნულ არქივში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ეკლესია ΧΧ საუკუნის პირველ ნახევარში“.

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღის ჯეროვანი აღნიშვნა, ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის ერთგვარი წახალისება, მათთვის  სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების, ასევე, ეროვნული არქივის სამეცნიერო პოტენციალის გაზიარება  და აქ დაცული მდიდარი მასალის პოპულარიზაცია. 

კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს საქართველოს უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის, მაგისტრატურის სტუდენტებმა და დოქტორანტებმა. თემებს შორის იყო: „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის ისტორიიდან“ (რევაზ ტაბატაძე); „საქართველოს ეკლესიის საკითხები ქალაქის საბჭოს აღმასკომის რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებში“ (მაკა კვარაცხელია); „მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის რელიგიური განწყობები და მათი კოდიკოლოგიური „სამხილები“ (ესმა მანია); „ცარისტული რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში და ამბროსი ხელაია“ (თამუნა მაჭარაშვილი); „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი XX საუკუნის 40-იან წლებში“ (ელენე გელაშვილი); „სასულიერო პირები საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ (თამარ ადამია); „მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული თეოლოგია - გრიგოლ ფერაძე, მიხეილ თამარაშვილი“ (თეო გელაშვილი).

კონფერენციის მონაწილეებს დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიიღებს.