დეკემბერი 548
en

ეროვნულ არქივსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრს შორის თანამშრომლობა დაიწყო

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ქალთა პოლიტიკური აქტივობების ამსახველი ერთობლივი გამოფენის მოწყობას, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში დაიგეგმა. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს  - USAID-ის მხარდაჭერით.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული წერილობითი და ფოტომასალა 1919 წლის არჩევნებში მონაწილე ქალების, ასევე დამფუძნებელი კრების ქალი-წევრების, მათი საქმიანობის შესახებ და სხვ.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი მუშაობს ქალთა უფლებების დაცვასა და მათ სხვადასხვა სფეროში გაძლიერებაზე. ამ პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაა.

გამოფენა 19 მარტს, 18.30 საათზე, საკრებულოს ფოიეში გაიმართება.