დეკემბერი 548
en

ძველნაბეჭდი წიგნების აღწერებზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა წამოიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ძველნაბეჭდი წიგნების კოლექციის ახლებურ აღწერას.

ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ძველნაბეჭდი წიგნების კოლექცია XX საუკუნის 20-30-იან წლებში ექსპედიციების შედეგად მოპოვებული ლიტერატურისაგან შეიქმნა. ეს არის 1709-1900 წლებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინეპოლში, რომსა და სხვა ქალაქებში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის  250-ზე მეტი წიგნი.

პროექტში ჩართული არიან ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის, სამეცნიერო განყოფილებისა და საისტორიო ცენტრალური არქივის თანამშრომლები.

პროექტის მსვლელობისას დეტალურად გადაისინჯება და აღიწერება თითოეული წიგნი. აღწერების ღირებული ნაწილი იქნება ის ანდერძ-მინაწერები, რომლებიც დართულია ძველნაბეჭდ წიგნებზე.  ეს დამატებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს  რარიტეტული წიგნების  დროსა და სივრცეში მოგზაურობის, მისი მფლობელებისა თუ წიგნის თანადროული ისტორიული ფაქტების შესახებ.

პროექტის დასკვნით ეტაპზე მომზადდება კატალოგი, რომლის მეშვეობით საქართველოს ეროვნული არქივი დაინტერესებულ პირებს ქართული რარიტეტული წიგნების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.