დეკემბერი 548
en

ძველი და თანამედროვე ქუთაისი – გამოფენა ქუთაისის იუსტიციის სახლში

ქუთაისის იუსტიციის სახლში დღეს გამოფენა "ძველი და თანამედროვე ქუთაისი" გაიხსნა, რომელიც ქალაქის ისტორიულ და დღევანდელ ხედებს აერთიანებს. 
ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა და ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორმა მერაბ კეზევაძემ გახსნეს.   
გამოფენა ნაწილია იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტისა "საქართველოს ქალაქები", რაც საუკუნისწინანდელი ხედების თანამედროვეობასთან შედარებასა და ფოტოისტორიის შემონახვას ემსახურება.
ქუთაისის ისტორიული ფოტოები დიმიტრი ერმაკოვს, გიორგი ნიკოლაძეს, ნიკოლოზ საღარაძეს და სხვა ფოტოგრაფებს ეკუთვნით. მათი დღევანდელი ანალოგები, ასევე, ქალაქის თანამედროვე არქიტექტურა ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა გადაიღო. 
"საქართველოს ქალაქები" გასულ წელს იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული არქივისა და გურამ წიბახაშვილის მონაწილეობით ბათუმში განხორციელდა და ფოტოები ბათუმის იუსტიციის სახლში გამოიფინა. მანამდე კი, 2009 წელს ძველი თბილისის ფოტოების თანამედროვე ვარიანტები ფოტოგრაფმა გიორგი მეურმიშვილმა გადაიღო, რასაც სპეციალური გამოფენა თბილისში მიეძღვნა. 
ქუთაისის იუსტიციის სახლში გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება.