დეკემბერი 548
en

ახალციხეში არქივის შენობის სამშენებლო სამუშაოებისას მე-18-მე-19 საუკუნეების შენობის არქეოლოგიური ნაშთები აღმოჩნდა

ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის გვერდით, მისი გაფართოების მიზნით დაწყებული მიწის სამუშაოებისას მე-18-მე-19 საუკუნეების შენობის არქეოლოგიური ნაშთები აღმოჩნდა. 

არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენისთანავე, 2017 წლის დეკემბერში, შეწყდა სამშენებლო სამუშაოები და მის შესწავლაში ჩაერთვნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და სპეციალისტები. 

აღმოჩენასთან დაკავშირებით არქეოლოგიური კვლევა ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულმა მუზეუმმა. არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიშის მიხედვით, აუცილებელია  ნაგებობის ნაშთის კულტურული და არქეოლოგიური ფენების დაცვა-შენარჩუნება.

კულტურული მემკვიდეობის დაცვის სააგენტოს რეკომენდაციით, უნდა შეიცვალოს საპროექტო შენობის არქიტექტურული გეგმარებითი სტრუქტურა -  საჭიროა პროექტი ისე შეიცვალოს, რომ არ დაზიანდეს არქეოლოგიური ფენა. „ახალი შენობის ქვეშ მოქცეული და ვიზუალურად აღქმადი არქეოლოგიური ფენა სანახავად უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება დამთვალიერებლისათვის“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდეობის სააგენტოს დასკვნაში.

ეროვნული არქივი, ითვალისწინებს რა სპეციალისტთა რეკომენდაციას, ამჟამად მუშაობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის  ახალციხის არქივის პროექტის კორექტირებაზე.