ოქტომბერი 548
en

არქივების საერთაშორისო დღე - 9 ივნისი

არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივის შენობასთან გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიმართა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშების - ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების - ფოტოასლები, რომლებიც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს.

თემატურად დაყოფილ საგამოფენო ბლოკებში წარმოდგენილია როგორც ქართველ მეფეთა და კათალიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები.

ცნობისათვის: ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას 2015 წელს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამავე წელს „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ საქართველომ იუნესკო-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი ვენაში 2004 წელს გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე გამოცხადდა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.

საქართველოს ეროვნული არქივი უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა ღონისძიებით აქტიურად აღნიშნავს არქივების საერთაშორისო დღეს.