დეკემბერი 548
en

ანონსი

5 მაისს, 17:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში (ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის #40) ფოტოფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში იტალიელი ალპინიტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას ფოტოების გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციას ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი გახსნიან.  

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვიტორიო სელას ნამუშევრები, რომლებიც მან თავისი პირველი არაევროპული ექსპედიციების დროს ფირზე აღბეჭდა საქართველოში – სვანეთსა და რაჭაში, რომელთაც ის სამჯერ ესტუმრა  - 1889-1890 და 1896 წლებში. ამ ექსპედიციების განმავლობაში, სელამ დალაშქრა და გადაიღო ოცდაათზე მეტი მწვერვალი კავკასიაში, ოცი მათგანი კი ისტორიაში პირველმა დაიპყრო. მოგვიანებით, საგანგებოდ კავკასიური ექსპედიციებისთვის, ვიტორიო სელას მიენიჭა წმიდა ანას ორდენი, რადგან მისი ღვაწლი გარდა საკუთრივ ფოტოგრაფიისა და ალპინიზმისა, ფასდაუდებელი აღმოჩნდა ტოპოგრაფიული თვალსაზრისით - მრავალი მონაცემი გასწორდა გეოგრაფიის ევროპულ აკადემიურ გამოცემებში.

კოლექცია საქართველოს ეროვნულ არქივს 1983 წელს მთარგმნელმა და რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა, ხოლო 2018 წელს მისმა ვაჟმა, დრამატურმა ლაშა თაბუკაშვილმა გადასცეს.

კოლექცია აერთიანებს სვანეთისა და რაჭის ამსახველ ეთნოგრაფიული ხასიათის პორტრეტებსა და მხატვრულ პეიზაჟებს, რომლებიც ვიტორიო სელამ საქართველოში მოგზაურობისას გადაიღო. ამავე კოლექციაშია დაცული ვიტორიო სელას ორი პორტრეტი. ერთზე სელა საქართველოშია გადაღებული, ექსპედიციის დროს. მეორე ფოტო კი უკვე ასაკოვან ფოტოგრაფს ასახავს იტალიაში ყოფნისას.

აღსანიშნავია, რომ ვიტორიო სელას ფოტოგრაფია დიდწილად განსხვავდება თავის თანამედროვეთა დოკუმენტური ხასიათის ფოტოგრაფიისგან. ის ნამდვილი მხატვრული ალღოთი ასახავდა მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპელისთვის უცხო, ეგზოტიკურ ყოფას, ადათებს, ეთნოგრაფიულ ტიპაჟებს და მაღალმთიანი საქართველოს ბუნებას. სელა, როგორც ინგლისური კლუბის "40X40" წევრი, კატეგორიულად არ იყენებდა ოპტიკური მასალის შემცირება-გადაღების მეთოდს და დიდი ზომის მინის ნეგატივებიდან კონტაქტურად ბეჭდავდა ფოტოებს საკუთარი გამოგონილი ქიმიური პროცესით, რითაც დიდ მხატვრულ გამომსახველობას აღწევდა.

ექსპოზიცია იმართება „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 13 მაისამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.