დეკემბერი 548
en

ანონსი - პროექტის პრეზენტაცია და მე-9 საუკუნის სახარების გამოფენა მხოლოდ ერთი დღით

10 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გაიმართება მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები:  ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის პროექტის პრეზენტაცია და მხოლოდ ერთი დღით ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერის - IX საუკუნის „ანბანდიდი სახარების“ - გამოფენა. 

მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გაზ. #1

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დააწესა და ყოველწიურად აღინიშნება.

ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის პროექტი ითვალისწინებს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერთა აღწერილობების თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების მიხედვით შექმნას.

ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული. საერო თუ სასულიერო ხასიათის ხელნაწერების საერთო რაოდენობა 900-ს აჭარბებს, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო IX-XX საუკუნეებია.

ხელნაწერთა აღწერილობების პირველი ტომი გამოსაცემად გამზადდება 2014 წლის მიწურულისთვის. ამასთან, შედგება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელშიც თავს მოიყრის როგორც ხელნაწერთა დაწვრილებითი აღწერილობა, ისე თითოეული აღწერილი ხელნაწერის სრული დიგიტალური ვერსია.

რაც შეეხება ქართულ ხელნაწერს, „ანბანდიდ სახარებას“, რომელიც მხოლოდ ერთი დღით იქნება გამოფენილი,- ერთ-ერთი უძველესია.  იგი თავნაკლულია; თავიდან ბოლომდე ყავისფერი მელნით  ნაწერია ასომთავრულად; შემორჩენილია ლუკას სახარების მცირე ნაწილი და იოანეს სახარება მთლიანად; ხელნაწერს აქვს გვიანდელი მინაწერები,რომლებიდანაც  ცხადი ხდება, რომ იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაო-კლარჯეთში ინახებოდა. სახარება შიგადაშიგ გაფორმებულია მარტივი შემკულობებით, მათ შორისაა წითელი და შავი მელნით შესრულებული გოლგოთის ჯვარი.