27 იანვარს, 16:00 საათზე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია „წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი“ გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება წმინდა ნინოს საქართველოში მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტოები, რომლებიც გადაღებულია ეროვნული არქივის ექსპედიციებში, როგორც საქართველოში (თბილისი, წალენჯიხა, სეფიეთი, ბოჭორმა, ვარძია, ფარავნის ტბა, ბოდბე, შიომღვიმე, გელათი, უჯარმა, მცხეთა, სათხი), ისე უცხოეთში (აზერბაიჯანი (უდაბნო), თურქეთი (ანისი)), ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული ხელნაწერები (გულანები, საისტორიო თხზულებათა კრებული), ისტორიული საბუთები (წმინდა ნინოს სახელზე ბოდბის მონასტრისთვის შეწირული სიგელები).
ექსპედიციებში გადაღებული ფრესკების ქრონოლოგიური ჩარჩოა XI-XVII საუკუნეები, ხოლო ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთებისა - XVI-XVIII საუკუნეები.
ექსპოზიციის მიზანია, ფართო საზოგადოებას წარუდგინოს ის უნიკალური ვიზუალური მემკვიდრეობა და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს გაქრისტიანების ისტორიას ასახავს; წარმოაჩინოს ამ ეპოქალური მოვლენის უდიდესი მნიშვნელობა ქართველი ერის სულიერ, კულტურულ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.
ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი იქნება წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი ბროშურა. გარდა ამისა, ეროვნული არქივი წმინდა ნინოს შესახებ დოკუმენტურ ფილმზეც მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას წლის განმავლობაში შესთავაზებს. ამავე თემას მიეძღვნება ეროვნული არქივის მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაც.