დეკემბერი 548
en

ამბროსი ხელაიასთან დაკავშირებით ეროვნული არქივი მდიდარ მასალას ინახავს

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, წმინდანად შერაცხული ამბროსი ხელაიას ხსნების დღეს  - 29 მარტს -  ეროვნულ საარქივო ფონდში მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის. 
ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1921-1927 წლებში იყო. მან ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. 
უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივშია 1922 წლის აპრილში, იტალიის ქალაქ გენუაში მიმდინარე კონფერენციისადმი კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა,  სადაც იგი ,,კულტურულ საზოგადოებას“ სთხოვს, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს. ამის შემდეგ საბჭოთა მთავრობამ მასზე მეთვალყურეობა დააწესა და მალე ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. არქივშია აგენტურული და სასამართლო პროცესის სტენოგრაფიული ჩანაწერები, პატრიარქის ხელით დაწერილი მიმართვის ტექსტი, დაკითხვის ოქმები, საბოლოო სიტყვა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა დროებითი მმართველის, ურბნელ მიტროპოლიტის ქრისტეფორეს მოხსენება საქართველოს მთავრობისადმი, სადაც იგი კათოლიკოს-პატრიარქის და სხვა სასულიერო პირების გათავისუფლებას ითხოვს. 
ამბროსი ხელაიასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო დოკუმენტია  დაცული საისტორიო ცენტრალური არქივშიც, მათ შორისა: დაბადების სააქტო ჩანაწერი; სასულიერო სემინარიაში სწავლის მასალები; საიდუმლო წერილი ეგზარქოს ალექსისადმი ამბროსი ხელაიას ანტისამთავრობო მოქმედებათა შესახებ (1902-1904 წლები); საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრის, ევროპაში საქართველოს ეკლესიის წამომადგენლის რაფიელ ივანიცკი-ინგოლის წერილები აკაკი ჩხენკელისადმი ბერლინიდან; მისივე საპროტესტო  წერილები ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარისა და რომის პაპისადმი რუსი ბოლშევიკების მიერ ქართველების მიმართ ჩადენილი დანაშაულებათა გამო, სადაც მოხსენიებულია ამბროსი ხელაიას დევნის ამბავი; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილის) მიმოწერა კონსტანტინეპოლის პატრიარქ არქ-ეკუმენ ბასილ III-თან საქართველოს ყოფილ კათალიკოს-პატრიარქის ამბროსის საქმესთან დაკავშირებით, ფრანგულ ენაზე.