დეკემბერი 548
en

აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს ეროვნული არქივი გამოფენით აღნიშნავს

ქართველი ენათმეცნიერ აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა გაიხსნა. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აკაკი შანიძის შვილმა მზექალა შანიძემ გახსნეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული არქივის სხვადასხვა ფონდში, მათ შორის აკაკი შანიძის პირად ფონდში დაცული ფოტოები, წერილობითი დოკუმენტები, ხელნაწერები, აუდიო და კინომასალა. 

გამოფენა მიზნად ისახავს, დამთვალიერებელს წარუდგინოს აკაკი შანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მნიშვნელოვანი ეტაპები; კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს ის ღვაწლი, რომელიც მეცნიერს საქართველოში არაერთი სამეცნიერო მიმართულების განვითარებაში მიუძღვის.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა აკადემიის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და სხვა სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ასევე სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები და მოსწავლეები.

აკაკი შანიძე 1887 წლის 26 თებერვალს სოფელ ქვემო ნოღაში დაიბადა. 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი; 1918-1930 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე; 1919-1945 წლებში − ქართული ენის კათედრის გამგე; 1945 წლიდან − ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. გარდაიცვალა 1987 წლის 29 მარტს თბილისში.

სხვადასხვა დროს აკაკი შანიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი.

ენათმეცნიერი  არაერთი საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომის, მათ შორის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკის, ავტორია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ძველი ქართული ენის ძეგლების მეცნიერულ-ფილოლოგიური პუბლიკაციის საქმე. მის სახელთან არის დაკავშირებული ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება; სასულიერო და საერო თხზულებების კრიტიკული ტექსტების დადგენა და გამოცემა; საქართველოში ალბანოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის, დაფუძნება. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ნაშრომები ქართული დიალექტების კვლევის საკითხში.