დეკემბერი 548
en

ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ - გამოფენა ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა გამოფენა, რომელიც ზუსტად 100 წლის წინათ საქართველოში ჩატარებულ პირველ საყოველთაო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს შეეხება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული მასალა, რომელიც თვითმმართველობის პირველ არჩევნებს ასახავს: საარჩევნო სიებისა და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის ამსახველი დოკუმენტები, ამავე პერიოდის საგაზეთო მასალები, ფოტოები და სხვა.

გამოფენის პარალელურად გაიმართება ფილმის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის კინოქრონიკა“ (ავტორი ნინო ნატროშვილი, რეჟისორი ანდრო ჭიაურელი) - ჩვენება და ისტორიკოს დავით ლოსაბერიძის ნაშრომის - „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“ - პრეზენტაცია.

ღონისძიება იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

გამოფენის კურატორები არიან ისტორიკოსები: დავით ლოსაბერიძე, ირაკლი ხვადაგიანი და ირაკლი ირემაძე.

გამოფენა გაგრძელდება 21 თებერვლის ჩათვლით. დასწრება თავისუფალია.