თებერვალი 595
en

მკვლევართა დარბაზი

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების დედნები და ელექტრონული ასლები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში. 

მკვლევართა დარბაზების სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში ხუთი სამუშაო დღით - ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით -  09:30  საათიდან 17:00 საათამდე, გარდა დასვენების დღეებისა (შაბათი და კვირა) და კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებისა.

მკვლევართა დარბაზები არ მუშაობს ყოველი წლის 1-ლი აგვისტოდან  1-ელ სექტემბრამდე.

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში დოკუმენტის დედნით ან მისი ელექტრონული პირით მკვლევარს შეუძლია ისარგებლოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ნებართვით, ხოლო ქუთაისის ცენტრალურ არქივსა და ტერიტორიულ ორგანოებში - შესაბამისი არქივის დირექტორის ნებართვით, რომელიც მოქმედებს სამი თვის ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემთხვევაში ნებართვა გაიცემა მკვლევრის ახალი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იყოს:

  • მკვლევრის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამუშაო ან სასწავლო ადგილი, სამუშაო თემა, ქრონოლოგიური ჩარჩოები, საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი.
  • წერილობით მიმართვას უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 
  • მიმართვა აგრეთვე უნდა შეიცავდეს მკვლევრის სამუშაო ან სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვების დასაბუთებას. გამონაკლის შემთხვევებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება შესაძლებელია სამუშაო ან სასწავლო მიზნების გარეშეც, თუ წერილობით მიმართვაში მითითებული გარემოებები ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა მიზნებიდან გამომდინარე ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გაცნობის ან/და დოკუმენტიდან ამონაწერის გაკეთების საჭიროებას.

სამუშაო თემის შეცვლის შემთხვევაში მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს ახალი წერილობითი მიმართვა.

მკვლევართა დარბაზში  მკვლევრის დაშვება ხდება წერილობითი მიმართვით  (მათ შორის ელ. ფოსტით -  info@archives.gov.ge) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

მკვლევრის წერილობითი მომართვის ნიმუში: ქართული, EnglishРусский. 

მკვლევართა დარბაზებში საარქივო მომსახურების ვადები და საფასური რეგულირდება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით.

მკვლევართა დარბაზებში  დაშვება  და საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის წესი რეგულირდება ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის 2017 წლის 30 ნოემბრის #15ძს ბრძანებით „სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობის წესი“.