საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი მხატვარ მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენას 2019 წლის 25 მარტიდან 1 მაისამდე მასპინძლობდა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 70-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც მერაბ აბრამიშვილის ოჯახის კოლექციაში ინახება.
გამოფენაზე დამთვალიერებელმა პირველად იხილა მერაბ აბრამიშვილის ერთ-ერთი ნამუშევრის - „პარიზის“ - ესკიზი.
მერაბ აბრამიშვილი (1957-2006 წწ.) თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მხატვრის შემუშავებულმა ტექნიკამ და გამოყენებულმა ფაქტურამ მის ნამუშევრებს განსაკუთრებული გამომსახველობა შესძინა. მის შემოქმედებას საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული.
ქართველი მხატვრის ნამუშევრებმა ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება სოთბისა და კრისტის აუქციონებზე არაერთხელ მიიპყრო. ამასთან, 2013-2014 წლებში მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სოთბის ლონდონის სააუქციონო სახლის გამოფენა „გზაჯვარედინზე“.
მხატვრის ნამუშევრები საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.