საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 170 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა 2013 წლის ივნისში გაიმართა.
ნიკოლაძე-ღამბაშიძეების კოლექციიდან წარმოდგენილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც ეროვნულ არქივშია დაცული, ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მისი მეგობრების წრესა და ოჯახის წევრების ცხოვრებას ასახავენ. ვახტანგ ღამბაშიძე ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პარიზის ქართული სათვისტიმოს რიგით მეორე თავმჯდომარე იყო.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ენახა ისტორიული ღირებულების მქონე, აქამდე უცნობი და გამოუქვეყნებელი ფოტოები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება.
ფოტოები გადაღებულია ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ნიკოლაძის, დავით გურამიშვილისა და ვახტანგ ღამბაშიძის მიერ მე-19 საუკუნის 70-იან - მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.
1972 წელს ფოტომასალის დიდი ნაწილი ეროვნულ არქივს გიორგი ნიკოლაძის დამ, რუსუდან ნიკოლაძემ გადასცა. ნიკოლაძეების კოლექციაში შედის 1958 წელს ალპური კლუბიდან მიღებული ნეგატივებიც. 2012 წლის დასაწყისში მედეა თაბუკაშვილმა არქივს ვახტანგ ღამბაშიძის მიერ გადაღებული, ნინო პალტარაცკაიას დაკრძალვის კადრები, თბილისისა და სტამბოლის ხედები გადასცა. ამავე წელს პარიზში მცხოვრებმა რეზო და ნათელა ნიკოლაძეებმა არქივს ჩააბარეს ვახტანგ ღამბაშიძისა და გიორგი ნიკოლაძის მიერ გადაღებული 157 ნეგატივი მინაზე.
გამოფენის კურატორი: ნინო ძანძავა.