უკან დაბრუნება

გალაკტიონი კითხულობს ლექსს „თასი“

კინოკოლაჟის დასაწყისი - თიბვის კადრები - გადაღებულია შოვში 1947 წელს. ლექსს „თასი“ პოეტი კითხულობს ალ. ჯაფარიძის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, 1946 წელი.

გალაკტიონ ტაბიძის დაბადების ჩანაწერი სოფელ ჭყვიშის წმინდა გიორგის ეკლესიის 1892 წლის მეტრიკულ წიგნში

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ამ დოკუმენტის მიხედვით გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 5 ნოემბერს (ძველი სტილით) დაიბადა და 1892 წლის 3 იანვარს მოინათლა. მამა: გალაკტიონის დაბადებისას უკვე გარდაცვლილი ვასილ სტეფანეს ძე ტაბიძე, დედა მაკრინე გიორგის ასული. ნათლია: თადეოზ ნამიჭეიშვილი. ნათლისღების საიდუმლო აღასრულა მღვდელმა სტეფანე ტაბიძემ, რომელიც გალაკტიონის ბაბუა იყო. 

 

„არტისტული ყვავილები“, 1919 წელი
გალაკტიონის ლექსების პირველი კრებული 1914 წელს დაიბეჭდა. მეორე კრებული - „Cran Aux fleurs artistiques“ („თავის ქალა არტისტული ყვავილებით“) - 1919 წელს პეტრე (ტუტკუ) გვარამიამ გამოსცა. ამ წიგნმა პოეტს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.

„არტისტული ყვავილების“ წარმოდგენილი ეგზამპლარი, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს, დათიკო ყიფიანს ეკუთვნოდა. გალაკტიონის ლექსების ფრაგმენტებიც ყდაზე წიგნის მფლობელს გადმოუწერია.

„სადმე ყრუ ადგილს დავესახლები
- სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი
სადაც იქნება ცოფი ნაკლები
და უფრო ნაკლებ ადამიანი“...

„... კმარა, მოვშორდე შფოთიან ტფილისს
არ მსურს მახსოვდეს მისი სახელი“...

გალაკტიონ“.
„ტუტკუს“
გალაკტიონის მეორე კრებულის გამომცემელი ტუტკუ გვარამია 1924 წლის რეპრესიებისას დახვრიტეს. პოეტმა მის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა, რომლის ავტოგრაფიც პეტრე გვარამიას ოჯახში ინახება და საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ გახდა ცნობილი.
ლექსის ავტოგრაფი 2017 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში რეპრესიების თემაზე გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
"როცა სიცოცხლის შორ გატაცებას,
ვუახლოვდებით, რად გვწყდება გული?
მუდამ გვახსოვდეს, რომ უკვდავია
ჩვენი ერთობა და სიყვარული!
მეგობრის გული როდის არ იგრძნობს
მეგობრის სულის იდუმალებას?
იგი აქარწყლებს მწარედ დაფარულს
მწუხარებას და ტანჯვა-წვალებას!"

1924.

გალაკტიონი - მთავრობის კანცელარიის მოხელე

საქართველოს ეროვნულ არქივში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საარქივო მასალაში, გალაკტიონ ტაბიძის ხელმოწერით არაერთი ოფიციალური დოკუმენტი ინახება. პოეტი 1918-1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის კანცელარიის საქმისმწარმოებელი ყოფილა.

წარმოდგენილ დოკუმენტში ის ხელმოწერით ამოწმებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომის ჟურნალიდან ამიერკავკასიის ბონების გამოცემის შესახებ ამონაწერს. 1919 წლის 23 იანვარი.
გალაკტიონ ტაბიძემ 1916 წლის 23 აგვისტოს ოლღა ოკუჯავაზე დაიწერა ჯვარი.

მათი ქორწინება სამოქალაქო წესით 1921 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა.

წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტის მიხედვით პოეტი და სტუდენტი ქალი საკუთარი სურვილით, პირველი ქორწინებით შეუღლდნენ.

ამ დროისთვის გალაკტიონი თბილისში, სერგიევის ქუჩაზე, ხელოვნების სასახლეში (დღევანდელ მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლი), ცხოვრობდა, ოლღა ოკუჯავა კი რუსთაველის პროსპექტის #19 ბინაში.

დოკუმენტს ახლავს საცოლისა და საქმროს ხელმოწერები.

ბოლშევიკური ხელისუფლება ოლღა ოკუჯავას ტროცკისტობის ბრალდებით დევნიდა. ის 1929 წელს დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. მეორედ 1936 წელს დაიჭირეს, 1937 წელს გაასამართლეს და 1941 წელს დახვრიტეს.

„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ 1922-1923 წლებში გამოიცემოდა. სულ ლიტერატურული პერიოდული გამოცემის 9 ნომერი გამოვიდა. ქვემოთ იხილეთ ჟურნალის პირველი ნომრის სრული ვერსია:

 

„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“, 1922, #1

გალაკტიონის უბის წიგნაკი, 1947 წელი

„მთაწმინდის მთვარე“. პოეტმა ლექსი 1953 წლის 22 დეკემბერს ბათუმში, თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის 45 წლის საიუბილეო საღამოზე წაიკითხა.

გალაკტიონის უბის წიგნაკი, 1957-1958 წლები

„ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ ...“ - დაწერა მოგვიანებით გალაკტიონ ტაბიძემ. 

მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი სვანი, ბარნაბა გელაზანია, ილია ბახტაძე, ია ეკალაძე, მიხაკო ჯანოევი (ნემო), თეოფილე ხუსკივაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ჯაჯუ ჯორჯიკია, დათიკო მებუკე (ცვარნამი), ლელიკო ჯაფარიძე. 

სხედან: ტიციან ტაბიძე, გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე), იროდიონ ევდოშვილი, ვარლამ რუხაძე, აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, ლადო დარჩიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ისიდორე კვიცარიძე. 

1957 წლის 20 ნოემბრის ღამეს გალაკტიონმა ამ ფოტოს შესახებ თავის დღიურში ჩაწერა (წარმოდგენილია ფრაგმენტი, სრული ჩანაწერი იხილეთ ბმულზე http://galaktion.ge/?page=Diaries&year=1957&p=1&id=4709):

„აკაკი ჯოხზეა დაყრდნობილი. სახე დიდებულად აქვს. გამოირჩევა ყველასაგან...
... რა დიდებულია დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი და ლადო დარჩიაშვილი. სამი უმწიკვლო პიროვნება.
- დიდებულია, დიდებული! - ამბობს ის.
- ფოტოგრაფო, მე შენ შემოგყურებ, - ამბობს აკაკი სვანი.
- ხონის პროლეტარიატი იწევს, რათა ჩაებას ბრძოლაში, - ამბობს ილია ბახტაძე.
- სოციალისტების არა მჯერა რა, - ამბობს ია ეკალაძე.
- დოვუსტვინო? დოვუსტვინო? - გრიალებს ნემო.
- თხზულებანი, ბატონო, თხზულებანი! - რატომღაც გაიძახის თეოფილე ხუსკივაძე.
რას ამბობს კონსტანტინე გამსახურდია?
რას ფიქრობს ნეტა ჯაჯუ ჯორჯიკია?
რაზე ოცნებობს დათიკო მებუკე?
რა მიზნებს ისახავს მომავალში ლელიკო ჯაფარიძე?
ვარლამ რუხაძე?
ვეშაპიძე?
ტიტია? მაშინ ხომ ტიციანი არ ერქვა“.

გალაკტიონ ტაბიძე. ფოტო გალაკტიონმა სახსოვრად უძღვნა ვახტანგ გურგენიძეს: „ძვირფას ვახტანგს ნიშნად სიტყვით გამოუთქმელი პატივისცემისა“. 1955 წელი.

პორტრეტები