უკან დაბრუნება

ფოტოზე: ეროსი მანჯგალაძე შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის საგრიმიოროში. 1979 წელი. გივი ნახუცრიშვილის ფოტო

ეროსი მანჯგალაძე 1925 წლის 21 ოქტომბერს (დაბადების ჩანაწერის მიხედვით 3 მარტს) სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში დაიბადა. მან ადრეული ბავშვობა სოფელ ღანირში გაატარა. 7 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადასახლდა.

„ეროსი მძაფრად განიცდიდა ბავშვობის წლების მოგონებას. სულში რაღაც ყველაზე ფაქიზი სიმი შეერხეოდა, როცა ბავშვობას ვუხსენებდით. მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დრო იყო იგი, იშვიათად ჰყვებოდა თავის ბავშვობის წლებზე. გიორგი ჭალადიდელის ერთ სტრიქონს იტყოდა ხოლმე და თვალები უწყლიანდებოდა:

„მახსოვს პირველად სასწავლებელში

წასაყვანადა რომ მომამზადეს“...

აუღელვებლად არ შემიძლია ამ სტრიქონების გახსენებაო, რაღაც ღრმა ნოსტალგია ეუფლებოდა ამ დროს, ეს არ იყო მხოლოდ ბავშვობისაკენ მიხედვის სევდა, რაღაცით მასზე მეტიც იყო. ალბათ, იმიტომ, რომ უცებ დაკარგა ბავშვობა. დედამისი თამარი ხიდან გადმოვარდა და სამუდამოდ ლოგინს მიეჯაჭვა. ეს მისთვის უკვე სულ სხვა ცხოვრების დაწყებას ნიშნავდა, დიდი და მძიმე ცხოვრებისა“, -
წერს ვასილ კიკნაძე წიგნში „ჩვენი ეროსი“ (1990 წელი).

მსახიობის და, ბელა მანჯგალაძე იხსენებს:


„ეროსიმ პირველი როლი 6 წლის ასაკში შეასრულა. საბავშვო სპექტაკლში, რომელიც სოფლის სკოლაში დაიდგა, კურდღელს თამაშობდა. თეთრი კოსტიუმი ეცვა, თავზე დიდი ყურები ეკეთა და სცენაზე დახტოდა. მისი თამაში ყველას მოეწონა. როცა სოფლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით, წარმოდგენებზე ხშირად დავდიოდით. ჩვენს ოჯახში თეატრი ძალიან უყვარდათ. ახალგაზრდობაში ეროსის არასოდეს უფიქრია, რომ მსახიობი გამოვიდოდა. ჯერ მათემატიკოსობა უნდოდა. შემდეგ სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. მაგრამ სამხედროთა პროფესია კი არ იზიდავდა, ოფიცრების ფორმა მოსწონდა. იმ პერიოდში სამხედროები განმასხვავებელ ნიშნებს საყელურებზე ატარებდნენ. ოფიცრებს სხვადასხვა ზომისა და ფერის რომბები ჰქონდათ მიკერებული. ეროსის ეს რომბები მოსწონდა და თვითონაც სურდა მათი ტარება. ეროსი მე–10 კლასში იყო, როცა მის სკოლაში რუსთაველის თეატრის მსახიობებმა “რღვევა” დადგეს. ეროსიმ ისე კარგად ითამაშა, რუსთაველის თეატრის მსახიობები კი მისი თამაშით აღფრთოვანდნენ და მამაჩემს უთხრეს, ეს მსახიობი უნდა გამოვიდესო. ეროსიმ სამხედრო ექიმობაზე ფიქრი შეწყვიტა და თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა“.

„17 წლის იყო, როცა რადიოკომიტეტში დიქტორების კონკურსი გაიმართა. 32 კონკურსანტს შორის ჩემმა ძმამ გაიმარჯვა და რადიოში დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ ის ოჯახის უფროსი გახდა. მამა უკვე დაჭერილი იყო, დედა ლოგინად ჩავარდნილი, ამიტომ ოჯახზე ეროსი ზრუნავდა. რადიოკომიტეტში მუშაობის გამო, თეატრალურ ინსტიტუტში ლექციებს ხშირად აცდენდა. საკუთარი ნიჭის წყალობით მან სცენაზე ადგილის დამკვიდრება მესამე კურსიდან შეძლო. გიორგი ტოვსტონოგოვმა გორკის “მდაბიონი” დადგა. ტეტერევის როლზე მან ეროსი მიიწვია. პირველ სპექტაკლს პირველი აღიარება მოჰყვა, თუმცა მისი სრულფასოვანი დებიუტი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ შედგა სპექტაკლში “ღრმა ფესვები”. იმ დროს ყველა სპექტაკლი შემოწმებას ცეკაში გადიოდა. აფიშის ტექსტიც კი მოწმდებოდა. ცენზურა ცეკას იდეოლოგიის განყოფილებას ევალებოდა, რომელსაც შადური ხელმძღვანელობდა. როდესაც შადურს დასაბეჭდად გამზადებული აფიშის ტექსტი მიუტანეს, მან აფიშა დაიწუნა. ცეკას მდივანს მთავარი როლის შემსრულებლის სახელი არ მოეწონა, სახელი ეროსი საბჭოთა მსახიობს არ შეეფერება, ეს ბერძნული ღმერთის სახელიაო. მოდით, ეროსის ნაცვლად ერასტი დავწეროთო. ამაზე ეროსი ძალიან გაბრაზდა და სპექტაკლის თამაშზე საერთოდ უარს ამბობდა. ბოლოს ცეკამ კომპრომისული ვარიანტი გამოძებნა. აფიშაზე ეროსის სახელი შეამოკლეს და ერ. მანჯგალაძე დაწერეს“.

1948 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი გახდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა

ეროსი მანჯგალაძის კადრების აღრიცხვის ფურცელი, შევსებული 1948 წლის 25 მარტს

ეროსი მანჯგალაძემ შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა

სიუჟეტი სპექტაკლ „ჭინჭრაქას“ პრემიერის შესახებ.

ტექსტს კითხულობს ეროსი მანჯგალაძე.

1963 წელი.

კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“.

ეროსი მანჯგალაძის როლები გამორჩეულია სატელევიზიო სპექტაკლებშიც

ეროსი მანჯგალაძე აზდაკის როლში.
სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“, რეჟისორი რობერტ სტურუა.
ნაწყვეტი რეჟისორ ნანა ჯორჯაძის კინონარკვევიდან „ეროსი მანჯგალაძე“.
1983 წელი.

სპორტული კომენტატორობა ეროსი მანჯგალაძის კიდევ ერთი პროფესია იყო. ამ მიმართულების განვითარებაში მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

მსახიობი, სპორტული კომენტატორი კოტე მახარაძე: „ერთ ფრაზას იტყოდა ეროსი, აი, მაგალითად, „ქვევრში“, ერთი ციცქნა როლი აქვს მაგრამ, მისი ნათქვამი: „კაცო, სამჭკუაშვილი ვარ, ღმერთი ხომ არა ვარო?“ - ეს ფრაზა დარჩა და არ წაიშლება, არ არის დიდი როლი და არც ეროსისთვის არის დიდი გამარჯვება, მაგრამ ეს ფრაზა ხომ დარჩა!

სპორტული რეპორტაჟებიდან რამდენი ფრაზაა, „აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელიო!“ რომ თქვა ჩვენს „დინამოელებზე“, და რამდენი კიდევ ასეთი... ღვთაებრივი ხმის პატრონი იყო. დოდო აბაშიძე ამბობდა ხოლმე, რომ პირიდან თაფლი გადმოსდის ეროსის, ხმა კი არ გადმოსდისო..! მარტო საოცრად ხავერდოვანი, დაბალი და უძლიერესი ჟღერადობის...

იყო თუ არა სვე-ბედნიერი კაცი ეროსი? მისი თეატრალური გამარჯვებების მიხედვით, ცხადია, უბედნიერესი! მან ჩვენს შორის პირველმა გაიკვლია დიდი გზა და ლიდერი იყო“... 

 

ფოტოზე: „ოქროს მატჩის“ (თბილისის „დინამო - მოსკოვის „ტორპედო“) კომენტატორები კოტე მახარაძე და ეროსი მანჯგალაძე. 1964 წელი

1959 წლიდან ეროსი მანჯგალაძეს იღებდნენ მხატვრულ ფილმებში. მისი პირველი კინოროლი იყო ალექსანდრე ფილმში „წარსული ზაფხული“

მხატვრული ფილმი „ჭიაკოკონა“, გადასაღები მოედანი. ხოსრო - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი ირაკლი ქავთარაძე. 1961 წელი

მხატვრული ფილმი „თოჯინები იცინიან“, გადასაღები მოედანი. სევერიანი - ეროსი მანჯგალაძე, ალისა - მარინა თბილელი, მელიტონი - იპოლიტე ხვიჩია, ნუცა - სესილია თაყაიშვილი, ლალი - მეგი კეჟერაძე. რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი. 1963 წელი

მხატვრული ფილმი „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, გადასაღები მოედანი. დათიკო ხუციშვილი - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი გუგული მგელაძე. 1965 წელი

მხატვრული ფილმი „ლონდრე“, გადასაღები მოედანი. მღვდელი - ეროსი მანჯგალაძე, ამეთვისტო - ლია გუდაძე. რეჟისორი თამაზ მელიავა. 1968 წელი

ნაწყვეტი ფილმიდან „ქვევრი“

ეროსი მანჯგალაძე მილიციის უფროსის როლში. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე. 1970 წელი

მხატვრული ფილმი „სამკაული სატრფოსთვის“, გადასაღები მოედანი. დურდურუმი - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი თენგიზ აბულაძე. 1974 წელი

მხატვრული ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“, გადასაღები მოედანი. აღა გეურქოვი - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი გიორგი შენგელაია. 1974 წელი

მხატვრული ფილმი „მთვარის მოტაცება“, გადასაღები მოედანი. გვანჯი - ეროსი მანჯგალაძე, თარაშ ემხვარი - გეიდარ ფალავანდიშვილი, ლუკაია ლაბახუა - ვალოდია წულაძე, ჯოტო - რუსლან მიქაბერიძე. რეჟისორი თამაზ მელიავა. 1973 წელი

მხატვრული ფილმი „ნატვრის ხე“, გადასაღები მოედანი. ბუნბულა - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი თენგიზ აბულაძე. 1976 წელი

ფრაგმენტი მხატვრული ფილმიდან „ქალაქი ანარა“. ფირუზი - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე. 1976 წელი

მხატვრული ფილმი „ქალაქი ანარა“, გადასაღები მოედანი. ფირუზი - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე. 1976 წელი

მხატვრული ფილმი „თბილისი, პარიზი, თბილისი“. გადასაღები მოედანი. გენერალი დურმიშხანი - ეროსი მანჯგალაძე, თეა შერვაშიძე - ლეილა აბაშიძე. რეჟისორი ლეილა აბაშიძე 1980 წელი

აფიშები მხატვრული ფილმებისა, რომელშიც ეროსი მანჯგალაძე მონაწილეობდა

1982 წლის იანვარში, 56 წლის ასაკში, ეროსი მანჯგალაძე მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გამოთხოვება (ეროსი მანჯგალაძეს)

 

„ცუდი კაცი ვარ

და ნამდვილად ღირსი ვარ კიცხვის

ცოცხალი რომ აღარა ხარ,

ლექსს მაშინ გიძღვნი

 

განათლულია შენი ნიჭი ქართულ ემბაზით

ქართული სულის მეჩუქურთმევ, მჭედელ-ხარატო,

რა უნდა გითხრა სხვის გაგება - ერთგულებაზე,

როცა კაცს, თურმე, საკუთარი გულიც გღალატობს.

 

თხემით ტერფამდე შენ იყავი მართლა ქართველი

და მაინც დარჩი ავთანდილი უშერმადინო,

არ მინდა გითხრა სხვებისათვის რაც მაქვს სათქმელი,

ვაითუ, ახლაც, სიკვდილშიაც, გული გატკინო.

 

ჯერ არე იყო ... და სიკვდილის ვინ მოგცა ნება,

უკანასკნელი ეს ვინ მოგცა სიკვდილის როლი?

სულაც არ მიკვირს, თუ უბრალო მოკვდავი ცდება,

ზოგჯერ სამყაროს რეჟისორიც არ არის სწორი!

 

ეიფელის კოშკს შენ გერჩია ჯვარი და გრემი,

უცხოთა „ბრავოს“ - აღტაცების ქართლი ცრემლი

დიდებისათვის არ წასულხარ არსად სალაშქროდ,

ამერ-მერში მაინც ქუხდი გაღმა-გამოღმა...

 

სიკვდილის როლსაც რა უღმერთო ძალით თამაშობ,...

ო, მაგ როლიდან ვერასოდეს ვეღარ გამოხვალ...

დაეშვა ფარდა... წინაპრებმა ყიჟინით გიხმეს,

ჟრიალი გააქვთ ხის შუბებს და მუყაოს ფარებს...

 

ადექ, მაესტრო!

და ჩვენს ქართულ ეროვნულ ნიღბებს

მარადისობის კულისებში წარუძეხ ბარემ!“

 

                                                 შოთა ნიშნიანიძე 

აფრასიონი - დოდო აბაშიძე, დათიკო - ეროსი მანჯგალაძე.

მხატვრული ფილმი „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, გადასაღები მოედანი.

რეჟისორი გუგული მგელაძე. 1965 წელი

 

 

დოდო აბაშიძის მოგონება ეროსი მანჯგალაძის შესახებ. 1982 წელი: 

 

  

 

„თითქოს ადვილი უნდა იყოს ეროსიზე ლაპარაკი, თითქოს არ უნდა იყოს რთული პიროვნება.

მარტივი იყო, როგორც ყველა ჭეშმარიტი ხელოვანი, უბრალო, ხელმისაწვდომი...

თავში მერევა ყველაფერი, მინდა დავიწყო, ვერ დავმშვიდდი, ერთად ვერ შევაერთე გონება და გული, რომ ქაღალდზე გადავიტანო...

საიდან დავიწყო?

ალბათ დრო უნდა გავიდეს, ბევრი დრო, რომ თავი მოვუყარო ყველაფერს. მართალი ვთქვა — ამასაც დრო უნდა.

მხოლოდ მართალი...

რასაკვირველია, ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო მისი არსებობა ჩვენს შორის, ჩვენს სცენაზე, არც მისი ხმა, არც მისი ნიჭი, არც მისი კაცობა, რომელსაც ქალწულური ხელშეუხებლობა აჩნდა. არ იყო ჩვეულებრივი.

ეროსი მართალი კაცი იყო. ასეთების ხვედრი უფრო ტანჯვაა, ვიდრე ბედნიერება.

როცა სუფრაზე „ტიალო დარიალაოს“ ან „ბრადიაგას" წამოიწყებდა, აი მაშინ თავისუფლდებოდა მისი სხეული ჭირისა და ვარამისაგან.

აქ იყო ის შეუზღუდავი, თავისთავადი, ბედნიერი...

დაჯერებული ქუხდა ჯადოქარი ხმა, საოცარი, ლამაზი, ძლიერი, განუმეორებელი

კაცის ყურს პირველად რომ მოხვდება გვარი მანჯგალაძე, მაინც და მაინც დიდ ჟღერადობას არ გამოსცემს - შეიძლება ასოციაციაც კი გაგიჩნდეს მეჯღანუაშვილზე.

რა საოცარი სახელი და გვარი გახდა, რა ლამაზი - ეროსი მანჯგალაძე...

სახელი ეროსი ჩემი თანდასწრებით ბევრს შეშლია, ეძახდნენ - ევროსის, ლავროსის, გერვასის, ეროსპის.

ეს იყო ქობულეთში, სოსო ღოღობერიძესთან, სუფრაზე, კაცმა ეროსის სადღეგრძელო ასე დაიწყო - ბატონო თერმოსიო.

აი, აქ კი იკივლა ეროსიმ, ყველა, ყველა, მაგრამ თერმოსიო!  და ჩაბჟირდა სიცილისაგან...

როგორი იყო ჩვენი პირველი გაცნობა, იციან ახლობლებმა...

ცხოვრების მანძილზე ასეთი რამე-რუმეების გახსენება იყო ინტერმედია სიმხიარულისა, რომელიც გუნებაზე გვაყენებდა, ჩვენ და ჩვენ გარშემო მყოფებს.

ისმენდა ეროსი თავდახრილი, მომღიმარი ქვევიდან, ის იშვიათად გვიყურებდა პირდაპირ, ოდნავ დარცხვენილი. თითქოს არ უნდოდა შენი შეწუხება. ამაში იყო რაღაც იდუმალი, ფაქიზი, სუფთა. ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი.

ლამაზი ოჯახი, მისი ლამაზი დედა თამარი, მრავალი წლების განმავლობაში ლოგინს მიჯაჭვული, მამა  - აკაკი, ნაწვალები კაცი.

ძმა ჯარში დაკარგული და ბოლოს სათნო, მშვენიერი და ბელა, სიძე ირაკლი, მათი შვილები...

რა შვილობა, რა ძმობა, რა მეგობრობა... სამაგალითო მეგობრობა გვქონდა მე და ეროსის, სავსე კეთილშობილებით, იუმორით, სახუმარო თავგადასავლებით, საოცარი სიფაქიზით, რაც ესოდენ უხვად იყო მის ბუნებაში.

მორიდებული, მორჩილი ბავშვივით,

მართალი ბავშვივით...

ეროსი ჩემი ჯილა იყო. მე ბედნიერ კაცად ვთვლი ჩემს თავს, რომ მომიხდა ცხოვრება მასთან ერთად როგორც კაცს, მოქალაქეს, პარტნიორსა და მეგობარს.

ამ ძვირფას სახელსა და გვარს, რასაც ეროსი მანჯგალაძე ჰქვია, მე კიდევ შემოვუბრუნდები გვიან და უფრო ვრცლად...

განა ეროსი ისეთი კაცი იყო, რომ ნაწყენი და სევდანარევი წასულიყო ამ ქვეყნიდან? 

თეატრი იყო სამყარო, ურომლისოდაც ერთი წუთი ცხოვრება არ შეეძლო.

თეატრი პირველ ყოვლისა აზრის ტაძარია და ვინც ემსახურება ამ ტაძარს, უნდა აზროვნებდეს...

უშეცდომო თეატრი არ არსებობს, ისევე როგორც ცხოვრება, მაგრამ გააჩნია შეცდომებს...

ის, რაც რუსთაველის თეატრმა გადაიტანა უახლოეს წარსულში - შეცდომად არ შეიძლება ჩაითვალოს, ამას ტრაგედია ჰქვია. უკვალოდ არაფერ არ ქრება ქვეყანაზე, მითუმეტეს, ტრაგედია.

ეროსი ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო, უკეთ რომ ვთქვა, ცხოვრების შევსება.

მისი დამოკიდებულება ჩემდამი სავსე იყო ძმობით, ნდობით, მან იცოდა ჩემი სული, მე ვიცოდი მისი უტყუარობა.

მის გარშემო ყოველთვის ხალხი იყო, ფუსფუსი იყო, მაგრამ მაინც განმარტოებული მეჩვენებოდა.

იგი მარტო იყო...

იყო მასში იდუმალება...

მისი მთელი ცხოვრება კაცური კაცის, უმწიკვლო კაცის ცხოვრება იყო.

გვერდზე გამოყენებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

 

გვერდის შექმნაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, თამარ თავართქილაძე, ანა მღებრიშვილი, ხატია ქინქლაძე,  მარინა სხირტლაძე, გიორგი კაკაბაძე, ქეთევან ასათიანი, ქეთევან სადაგიშვილი, მარიამ გუნია, სოფიო ფაციაშვილი, ნინო სარაჯიშვილი, ვალერი ლევჩენკო