უკან დაბრუნება

„[ქ. თავს]დებითა ღ(მრ)თისაითა მე, დ (ა ვ ი) თს მ(ი)წყი(ე)ს“.

 

მეფე დავით IV აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი, 1123-1124 წლები, საბუთის თავი, პალეოგრაფიული პირი.

 

საქართველოში დაცული, დღემდე მოღწეული დავით აღმაშენებლის მიერ გაცემული ორივე  საბუთის დედანი - 1104-1118 წლების წყალობის წიგნი და შიომღვიმის მონასტრისადმი 1123 წლის ანდერძის ფრაგმენტი – საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. 


ეროვნულ საარქივო ფონდში ინახება XV-XVII საუკუნეებში გაცემული რამდენიმე წყალობისა და შეწირულების განახლების წიგნი, რომლებშიც მოხსენიებულია დავით მეფის მიერ გაცემული სიგელები.

დავით IV აღმაშენებლის სიგელი ნიანია ნიანიასძისადმი, 1104 - 1118 წლები.

დავით მეფის საბუთში წარმოდგენილი ტიტულატურის მიხედვით (მეფე „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“), სიგელი დაწერილია კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ (1104) და ლორე-ტაშირის დაბრუნებამდე (1118). არიშიანის შუამდგომლობით მეფე დავითი გადასახადებისგან ათავისუფლებს გრიგოლ მაოხრებლის ძეს - ნიანია ნიანიასძეს „მისითა მამულითა ვეძისხევითა“, ვინაიდან მეფის „დიდად ნამსახური და ბერი კაცი იყო, ლაშქრობაი აღარ შეეძლო“.

გთავაზობთ ტექსტს სრულად:

„ქ. სახელითა ღმრთისაითა, დავითისაგან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა მეფისა. აწცა მოვიდა ჩუენ წინაშე არიშიანი და გუეჰაჯა, რაითამცა გაუშუით და გავათავისუფლეთ ნიანია, გრიგოლ მაოხრებელისა შვილი, მისითა მამულითა ვეძისხევითა.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ მოხსენებაი და ჰაჯაი არიშიანისაი და გაუშუით ნიანია ნიანიასძე, გრიგოლ მაოხრებელისა შვილი, მისითა მამულითა ვეძისხევითა, ვინაითგან პირველცა ზითვად ჰქონებოდა და ჩუენიცა დიდად ნამსახური და ბერი კაცი იყო, ლაშქრობაი აღრა შეეძლო.

აწ გაგიშუია ნიანია, მისითა მამულითა, ზითვად ნაქონები ვეძისხევითა, გაგუითავისუფლებია ყოვლისა გამოსავლისა და შესავლისა სახელმწიფოისა და სათხოვრისაგან და ყოვლისა ...“
დედანი; ეტრატი. ნაკლული. მხედრული.

მეფე დავით IV აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი, 1123-1124 წლები

 

ანდერძი გაცემულია დავით აღმაშენებლის მიერ შირვანში გალაშქრების წინ და მასში ბევრ სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად დაცულია ცნობა ძმების, ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეების მეფესთან მტრობაზე.

 

მეოცე საუკუნის დასაწყისამდე სიგელი სრული სახით იყო დაცული: 4 კეფისაგან შედგებოდა და მისი თავდაპირველი ზომა 2 მეტრს აღემატებოდა,  თავსა და ბოლოში დართული ჰქონდა დავით აღმაშენებლის ხელრთვები. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო ეს ძვირფასი დოკუმენტი, სხვა დანარჩენ საბუთებსა და საარქივო მასალასთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში - რომანოვსკში – გახიზნეს. 1919 წელს ბოლშევიკური ჯარების მიერ ამ ტერიტორიის დაკავების შემდეგ იქ დაცული 3000 ქართული სიგელ-გუჯარი განადგურდა. დავით აღმაშენებლის სიგელის ფრაგმენტი, სხვა რამდენიმე ფრაგმენტთან ერთად, გადაარჩინა და 1923 წელს სარგის კაკაბაძეს გადასცა ადგილობრივმა მკვიდრმა აბრამ ევანგულოვმა.

 

დედანი, ფრაგმენტი, ეტრატი.

 

1911 წელს ისტორიკოსმა სარგის კაკაბაძემ გადაიღო ანდერძის პალეოგრაფიული პირი, რომელსაც დღეს ორიგინალის მნიშვნელობა აქვს.

სწორედ პალეოგრაფიულმა პირმა შემოგვინახა ანდერძის თავი და დასასრული: 

ანდერძის თავი: „[ქ. თავს]დებითა ღ(მრ)თისაითა მე, დ (ა ვ ი) თს მ(ი)წყი(ე)ს“.

ანდერძის დასასრული: „ქ.სიმტკიცეო ყ(ოვ)ლთაო ღ(მერ)თო, დაამტკიცე, მტკიცედა უქციე“.

გიორგი ოთხმეზური: „დავით აღმაშენებლის ანდერძი“.

ისტორიკოსი საუბრობს მეფე დავით IV აღმაშენებლის ანდერძზე შიომღვიმის მონასტრისადმი.

ჩანაწერი გაკეთებულია 2015 წელს.

„ხოლო მეფესა დავითს ამისთჳს ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუჱყანა ესე სრულიად ოჴერ. ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტევოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღმრთისა; გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თჳთმსახური, ეკკლესიათა, ქსენონთა მაშენებელი, სამღუდელოთა მეპატივე, წერილთა საღმთოთა მოყუარე...“

 

ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს ისტორია“, გადაწერილი 1808 წელს.

 

ხელნაწერში წარმოდგენილია დავით აღმაშენებლის დღესდღეობით ცნობილი ერთადერთი მინიატურა (საზედაო ასო „დ-ში“ ჩართული).

















დავით აღმაშენებელი, ფრესკა, ძველი მხატვრობის მიხედვით აღდგენილი XVI საუკუნეში; ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთ კედელი, გელათის ტაძარი.

ფოტო გადაღებულია 2015 წელს, საქართველოს ეროვნული არქივის ექსპედიციების ფარგლებში.

ფოტო: გიორგი კაკაბაძე

დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა, ფრაგმენტი, გელათის მონასტერი.

 

ფოტო გადაღებულია 2015 წელს, საქართველოს ეროვნული არქივის ექსპედიციების ფარგლებში.

 

ფოტო: გიორგი კაკაბაძე

ანა კალანდაძე - „ფეხი დამადგით...“

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილ სტრიქონებს ავტორი 1982 წელს გადაღებულ კინოსიუჟეტში კითხულობს.

„ქ.სიმტკიცეო ყ(ოვ)ლთაო ღ(მერ)თო, დაამტკიცე, მტკიცედა უქციე“.

 

მეფე დავით IV აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი, 1123-1124 წლები, საბუთის დასასრული, პალეოგრაფიული პირი.