„საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ“ - ამ სახელწოდების გამოფენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2018 წლის მარტში გაიმართა.
გამოფენა ნაწილი იყო იმ ღონისძიებებისა, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ექსპოზიცია საქართველოს ეროვნული არქივის, უკრაინის სახელმწიფო არქივისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული.
გამოფენა მოიცავს საქართველო-უკრაინის 1918-1921 წლების დიპლომატიური ურთიერთობის ამსახველ 60-ზე მეტ დოკუმენტს, რომლებიც დაცულია საქართველოსა და უკრაინის საარქივო დაწესებულებებში. მათ შორისაა უკრაინის ცენტრალური რადას მიერ 1917 წლის 7 ნოემბერს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკრეტი; საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტი; კავკასიაში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის შესახებ მასალები და სხვ.