საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2018 წლის 25 მაისიდან 14 ივნისამდე მიმდინარეობდა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო: დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი; 1921 წლის კონსტიტუცია დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერებით; მთავრობის, ეროვნული საბჭოს, დამფუძნებელი კრებისა და სახელმწიფო სტრუქტურების საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტების დედნები; საქართველოს მოქალაქეებისთვის დღემდე უცნობი მასალები, რომლებიც ემიგრაციაში მყოფი მთავრობის მუშაობას ასახავს; დემოკრატიული რესპუბლიკის გერბისა და შტანდარტის ორიგინალები; 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო- და კინომასალები.
უნიკალურ ექსპონატებს შორის იყო, ასევე: იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ნოე ჟორდანიას ბიუსტი (1920 წელი); საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა; პირველი რესპუბლიკის პერიოდის საბრძოლო იარაღები და მასალა; 1918-21 წლებში გამოცემული წიგნები, პერიოდული გამოცემები და სხვა ნივთები.
1918-21 წლების ისტორია დამთვალიერებლისათვის რამდენიმე თემადა იყო წარმოდგენილი: პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი დოკუმენტები; დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები; საყოველთაო არჩევნები; საგარეო ურთიერთობები; სამხედრო თემატიკა; ეკონომიკა; კულტურა და განათლება; საზოგადოებრივი ცხოვრება.