გამოფენა „ქართული დიაფილმი“, რომელიც ქართული დიაფილმის შექმნისა და განვითარების ისტორიას ასახავდა, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2016 წლის 26 დეკემბრიდან 2017 წლის 31 იანვრამდე იყო წარმოდგენილი.
დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ეხილა 60-მდე ქართული დიაფილმის ორიგინალი ნახატი და ელექტრონული ვერსია, შემოქმედებითი ჯგუფისა და დიაფილმების დამზადების პროცესის ამსახველი ფოტოები და კინომასალა, ასევე ტექნიკური საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც იქმნებოდა დიაფილმები.
დიაფილმი პოზიტიურ ფირზე გადატანილი ნახატები და ტექსტია, რომლის საჩვენებლად სპეციალური აპარატი გამოიყენება. ქართული დიაფილმების ისტორია 1950-იან წლებში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანების სტუდიაში დაიწყო. სხვადასხვა ქართული თუ უცხოური ზღაპრის, თქმულებისა და მოთხრობის დიაფილმის შესაქმნელად არაერთი მხატვარი და სცენარისტი მუშაობდა.
გამოფენის კურატორი: გიორგი კაკაბაძე